ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა.
მიხეილ სარჯველაძე პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. მინისტრი ბენეფიციარებთან ერთად ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო.
თარიღთან დაკავშირებით, ბენეფიციარებისთვის შემოდგომის თემატიკის ღონისძიება გაიმართა, რომელიც ტრადიციულ ქართულ ელემენტებს, მუსიკასა და ტკბილეულს აერთიანებდა.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი ბელა გოგუა და სააგენტოსა და პანსიონატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ხანდაზმულებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ასევე მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატი სააგენტოს დაქვემდებარებაშია. პანსიონატში ამჟამად 17 ბენეფიციარი ცხოვრობს.





