"ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.მათ შორის, ვისი გმირობისა და სიმამაცის წყალობითაც Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ, არის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი - შოთა მუსაევი. ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის, კაპიტანი სმიტ მაჩჰარის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.ექიმი შოთას მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა". - აცხადებს ისრაელის საელჩო საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ Flydubai-ს დუბაი–თელ-ავივის რეისზე ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი პილოტი მძიმედ დაიჭრა. თვითმფრინავში მყოფი ისრაელელი სტომატოლოგი, შოთა მუსაევი დაშავებულ პილოტს დაუყოვნებლივ დაეხმარა და ღრმა ჭრილობებიდან ძლიერი სისხლდენა შეუჩერა. მუსაევმა მოგვიანებით განმარტა, რომ პილოტისთვის რეანიმაციის ჩატარება არ დასჭირვებიათ, თუმცა სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, რომ დროული დახმარების გარეშე მისი მდგომარეობა შესაძლოა კრიტიკული გამხდარიყო.
ექიმმა სხვა მგზავრებთან ერთად თავდამსხმელის შეკავებაშიც მიიღო მონაწილეობა. თვითმფრინავი საბოლოოდ საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში უსაფრთხოდ დაეშვა.დოქტორი შოთა მუსაევი სტომატოლოგია და ისრაელის ქალაქ ჰოლონში საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკას ხელმძღვანელობს





