თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვების მასობრივ დაინფიცირებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, უკვე შესწავლილია 129 ნიმუში და მათგან დაბინძურებული არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა. 

"ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.

ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი," - ნათქვამია განცხადებაში.