ბავშვთა ონკოლოგი, ექიმი გევორგ თამამიანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზეა წარდგენილი. სომეხმა ექიმმა ამის შესახებ მან სოციალურ ქსელებში განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო ჩემი კანდიდატურის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, რომელზეც ის ბოტსვანის რესპუბლიკამ წარადგინა. მადლიერი ვარ პრეზიდენტის, ადვოკატ დუმა გიდეონ ბოკოსა და ბოტსვანის მთავრობის ნდობისთვის“, — წერს თამამიანი და დასძენს, რომ ბოტსვანამ მსოფლიოს აჩვენა, თუ რისი მიღწევა შეუძლია ეროვნულ ლიდერობას ჯანდაცვის სფეროში არსებული საგანგებო გამოწვევების პირობებში.
„მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვთა ონკოლოგიას მივუძღვენი და ვქმნიდი სამედიცინო დახმარების სისტემებს იმ ადგილებში, სადაც რესურსები შეზღუდული იყო, ხოლო თემები — უყურადღებოდ დარჩენილი. მინახავს, როგორ გადაარჩინეს ბავშვები მაშინ, როდესაც ცოტას თუ სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. და მინახავს ბავშვები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იღუპებოდნენ, თუ სად დაიბადნენ. გეოგრაფია არ უნდა განსაზღვრავდეს, ვინ იცოცხლებს “, — წერს თამამიანი.
მისი თქმით, მისი ხედვაა, არსებობდეს უფრო ძლიერი, სწრაფი და ეფექტიანად მოქმედი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს წევრ სახელმწიფოებთან და უზრუნველყოფს, რომ ჯანდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი თითოეული ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის 10-წლიანი საქმიანობის პერიოდი მომავალ წელს დასწულდება - ერთ წელიწადში ჯანმოს ახალი დირექტორი ეყოლება.
კანდიდატურების ოფიციალური წარდგენის ვადა 2026 წლის 24 სექტემბერს დასრულდა.
კანდიდატებს შორისაა საქართველოში კარგად ცნობილი ჰანს კლუგე.

ამ დროისთვის ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტზე სამი ოფიციალური კანდიდატია: ჰანან მოჰამედ ალ-ქუარი, რომელიც კატარის მიერ არის წარდგენილი, ჰანან ბალხი, რომელიც საუდის არაბეთის კანდიდატია, ჰანს კლუგე, რომელიც ბელგიას წარმოადგენს, ასევე ბუდი გუნადი სადიკინი (ინდონეზია) და მარია ნეირა (ესპანეთი).
ექვსიდან ხუთი კანდიდატი საკუთარი ქვეყნის მიერ არის წარდგენილი, ხოლო თამამიანი — ბოტსვანის მიერ.
არჩევნების პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. კანდიდატთა პირველი ფორუმი დაგეგმილია 2026 წლის 18 ნოემბერს, ხოლო 2027 წლის იანვარ-თებერვალში ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო კანდიდატთა რაოდენობას მაქსიმუმ სამ ფინალისტამდე შეამცირებს. საბოლოო არჩევანი 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 80-ე სესიაზე გაიმართება. ახალი გენერალური დირექტორი თანამდებობას 2027 წლის 16 აგვისტოს დაიკავებს, როდესაც მოქმედი გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის, ვადა დასრულდება.
არჩევნები ტარდება იმ პერიოდში, როდესაც ჯანმო მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციური გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ მომავალი არჩევნები მხოლოდ პერსონალური არჩევანი არ იქნება — ის მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა ჯანმოს არსებული კურსი, თუ ორგანიზაცია უფრო არსებით რეფორმებსა და ახალ სტრატეგიულ მიმართულებას აირჩევს.





