28 სექტემბერი ცოფის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ცოფი საშიში ვირუსული დაავადებაა, თუმცა მისი პრევენცია ვაქცინაციით შესაძლებელია.
"დაავადება გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ჯანმრთელობისთვის.
ადამიანი ცოფით ინფიცირდება დაავადებული ცხოველის ნერწყვთან კონტაქტის შედეგად - ძირითადად კბენის, დაკაწვრის ან ნერწყვის დაზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას.
ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადების მკურნალობა შეუძლებელია, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დროულ პრევენციას.
ინკუბაციური პერიოდი, დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე 2-6 კვირაა, თუმცა, შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე და/ან 1 წელზე მეტ ხანსაც გასტანოს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკბენის ადგილსა და დაზიანების ხარისხის სიმძიმეზე. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თავის არეში, ლორწოვან გარსებზე, შორისის მიდამოსა და თითებზე.
თუ მოხდა დაკბენა, დაკაწვრა ან ნერწყვის დაზიანებულ კანზე მოხვედრა:
დაუყოვნებლივ დაამუშავეთ დაზიანებული ადგილი - კარგად ჩამობანეთ საპნითა და გამდინარე წყლით;
დროულად მიმართეთ ექიმს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის ჩასატარებლად;
ჩაიტარეთ ექიმის მიერ დანიშნული ვაქცინაციის კურსი სრულად.
ცოფის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირებულობა, დროული მიმართვა სამედიცინო დახმარებისთვის და პროფილაქტიკური ღონისძიებების სწორად ჩატარება," - ნათქვამია განცხადებაში.





