პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან, ჟოაო ბრედასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე დაესწრნენ, მხარეებმა საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.


„ჟოაო ბრედას საერთაშორისო მისიებში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. ის საქართველოში მოღვაწეობას საინტერესო იდეებით იწყებს. შეხვედრისას მისი მოსაზრებები მოვისმინეთ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ. შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის - ვაქცინაცია, არაგადამდები დაავადებების პრევენცია, თამბაქოს მოხმარების კონტროლი და მარილის მოხმარების შემცირება. კომიტეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთობლივი მუშაობის საინტერესო პრაქტიკა აქვს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟოაო ბრედასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის საქართველოში საქმიანობა სექტემბერში დაიწყო.