ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი შეფასების თანახმად, საქართველოში რეაბილიტაციის სფეროს სპეციალისტების ზრდა აუცილებელია, რათა არსებული და სამომავლო საჭიროებების დასაკმაყოფილება სრულყოფილად მოხდეს.
კვლევაში რამდენიმე განსაკუთრებული მიგნებაა ასახული:
სარეაბილიტაციო სერვისები და პროფესიონალები კვლავ ქალაქებშია კონცენტრირებული, რის გამოც, სოფლად და მოშორებით მდებარე დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ნაკლებად აქვს.
საქართველოში რეაბილიტაციის სფეროს კადრებს შორის არიან ოკუპაციური თერაპევტები, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ექიმები, ფიზიკური თერაპევტები, პროთეზისტები და ორთეზისტები, აგრეთვე ენისა და მეტყველების თერაპევტები. თუმცა, რამდენიმე პროფესიის სპეციალისტთა სიმცირე კვლავ იგრძნობა, მათი საქმიანობა კი ჯერ კიდევ არ რეგულირდება
ჯანმოს შეფასების თანახმად, მომავალში რეაბილიტაციაზე მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი.
„მოსახლეობის დაბერების, არაგადამდები დაავადებების, ტრავმებისა და ქრონიკული მდგომარეობების ფონზე, მოთხოვნა, სავარაუდოდ, გაიზრდება. სამუშაო ძალის ზრდა მოსახლეობის ცვალებადი საჭიროებების შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც ადამიანებს ფუნქციონირებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შენარჩუნებაში დაეხმარება და ხანგრძლივი მოვლის საჭიროებას შეამცირებს.
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სარეაბილიტაციო განათლების გაფართოების კუთხით, განსაკუთრებით ფიზიკურ თერაპიასა და ოკუპაციურ თერაპიაში. მიუხედავად ამისა, განათლების მასშტაბების ზრდას შესაბამისი დაფინანსებული ვაკანსიებისა და მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების საკმარისი რაოდენობა ჯერჯერობით არ მოჰყოლია,“ - ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ საჭიროა რეაბილიტაციის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ რეაბილიტაცია მხოლოდ ფიზიკური მოძრაობით არ შემოიფარგლება. ეს არის მულტიდისციპლინური, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირებასა და ჩართულობას. ისეთი პროფესიების შესახებ უკეთესი ინფორმირებულობა, როგორიცაა ოკუპაციური თერაპია, აგრეთვე, ენისა მეტყველების თერაპია, უზრუნველყოფს პაციენტთა სწორ სერვისებზე დროულ გადამისამართებას.
ჯანმო აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს განაპირობებს განათლება, კლინიკური პრაქტიკა მეთვალყურეობის ქვეშ, უწყვეტი პროფესიული განვითარება, რეგულაციები, კომპეტენციის სტანდარტები და კარიერული ზრდის შესაძლებლობები.
ანგარიში მოგვიწოდებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა მოხდეს რეაბილიტაციის სპეციალისტების მოზიდვა და შენარჩუნება, განათლებისა და გადამზადების გაფართოვება და გაძლიერება, მულტიდისციპლინური მუშაობის და გადამისამართების გზების გაძლიერება, კადრების გაუმჯობესებული დაგეგმვა და რეგულირება, ასევე, სარეაბილიტაციო სერვისებში ინვესტიციების ზრდა.





