ქვეყანაში არის 500 ათასი ადამიანი, რომელსაც ერთხელაც არ მიუმართავს ცე ჰეპატიტის სკრინინგის ჩასატარებლად.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკა ადამიამ განაცხადა. 
გარდა ამისა, მისივე თქმით, 36 ათასამდეა ისეთი პაციენტი, რომლებსაც ან დასმული აქვთ დიაგნოზი და არ იტარებენ მკურნალობას, ან მკურნალობის პროცესი შუა გზაზე აქვთ შეწყვეტილი. ეკა ადამიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ პროგრამას.

„მკურნალობაში 94 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პირველი რიგის სამიზნე სწორედ ამ ადამიანების მოზიდვაა. იმდენად ხელმისაწვდომია ეს მკურნალობა, რომ ცე ჰეპატიტიანი პაციენტი არ უდნა დაგვრჩეს. არანაკლები გამოწვევაა ბე ჰეპატიტი, რომლითაც საქართველოში 80 ათასი ადამანია დაავადებული და 25 ათასს ესაჭიროება მკურნალობა,“ - განაცხადა ეკა ადამიამ.

მისი თქმით, ბე ჰეპატიტით ინფიცირებულ ყველა პაციენტს არ ესაჭიროება მკურნალობა და მათი ნაწილი მხოლოდ ყოველწლიურ მონიტორინგსა და კვლევებს საჭიროებს, რომლებიც ასევე უფასოა. 
შეგახსენებთ,  რომ ცე ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან, ბე ჰეპატიტის პროგრამა კი 2024 წლიდან ხორციელდება. 


ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას გააჩნია ყველა ძირითადი წინაპირობა, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიიღებს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მაღალი - ოქროს დონის (Gold Tier) საერთაშორისო აღიარებას.