საქართველოში შობადობა წლიდან წლამდე მცირდება. ამ ტენდენციაზე და მის მიზეზებზე სიუჟეტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ციფრები ასევე აჩვენებს მოსახლეობის დაბერებას, ანუ ხანდაზმული მოქალაქეების წილის ზრდასა და ახალგაზრდების რაოდენობის კლებას. 
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებას მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას წყვილები სულ უფრო დიდ ასაკში იღებენ.

„იმედის კლინიკის“ სამედიცინო დირექტორის, მეან-გინეკოლოგ დავით კობეშავიძის თქმით, დემოგრაფიული პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ წყვილები შვილის გაჩენას არ ჩქარობენ და მანამდე კარიერული მიზნები აქვთ. 

„წყვილები არ ჩქარობენ შვილის გაჩენას და ჯერ კარიერული მიზნების მიღწევას გეგმავენ.  შეიძლება, ოჯახი შექმნილი ჰქონდეთ, მაგრამ ჯერ მატერიალურად და კარიერაში ფეხზე მყარად დადგომა სურთ. ასაკთან ერთად კი მიდის სხვადასხვა ჰორმონალური ცვლილება როგორც მამაკაცთან, ისე ქალთან და შემდეგ არის ხოლმე სხვადასხვა პრობლემა,  მაგალითად, დაფეხმძიმების. უნდა დავსძინო, რომ როდესაც ჩვენი პატრიარქის ილია მეორის მეოხებით დაიწყო მესამე ბავშვის ნათლობები, ძალიან წამოვიდა მესამე, მეოთხე შვილი,“ - აცხადებს დავით კობეშავიძე და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ორსული ქალებისთვის არაერთი ხელშემწყობი პროგრამა მუშაობს, მათ შორის  - უფასო მშობიარობის საშუალება ნებისმიერ სასურველ კლინიკაში.


ეკონომისტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით არ აიხსნება და ოჯახის შექმნისა თუ შვილის გაჩენის  მიმართ თანამედროვე ახალგაზრდების დამოკიდებულება შეიცვალა. მისივე განმარტებით,  ამას ემატება ის, რომ ქვეყნიდან წასული მოქალაქეების დიდ ნაწილს შვილოსნობის უნარის მქონე ადამიანები შეადგენენ. სოსო არჩვაძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან მიზნობრივი დახმარება ამ მდგომარეობას ნაწილობრივ გააუმჯობესებდა.

სტატისტიკა პარლამენტის თავმჯდომარემაც შეაფასა. შალვა პაპუაშვილის თქმით, კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ. მისივე განმარტებით, შობადობის შემცირების მიუხედავად, სტატისტიკა იმასაც აჩვენებს, რომ მესამე და მომდევნო შვილის გაჩენის მაჩვენებელი სტაბილურია, რაც ილია მეორის ინიციატივის შედეგია.