ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ში 8–11 წლის ბავშვებისთვის GLP-1 კლასის წონის დასაკლები პრეპარატების გამოწერა 2019 წლიდან 2026 წლის ივნისამდე 300-ჯერ მეტით გაიზარდა. კვლევა ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

მკვლევარებმა გააანალიზეს 3.5 მილიონზე მეტი, 8–11 წლის ბავშვის სამედიცინო მონაცემები, რომლებსაც სიმსუქნე ჰქონდათ. 2019 წელს GLP-1 პრეპარატი ამ ჯგუფის მხოლოდ 0.03%-ს ჰქონდა გამოწერილი, ხოლო 2026 წლის ივნისისთვის ეს მაჩვენებელი 9.3%-მდე გაიზარდა. 


კვლევაში აღნიშნულია ისეთი GLP-1 პრეპარატები, როგორიცაა Wegovy (semaglutide) — Novo Nordisk; Saxenda (liraglutide) — Novo Nordisk; Zepbound (tirzepatide) — Eli Lilly.

მათი მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი მადის შემცირება და დანაყრების შეგრძნების გაძლიერებაა.

12 წლამდე ბავშვებში ამ პრეპარატების გამოყენება FDA-ს მიერ სიმსუქნის სამკურნალოდ დამტკიცებული არ არის. თუმცა ექიმებს გარკვეულ შემთხვევებში შეუძლიათ პრეპარატების off-label გამოყენება. ამასთან, კლინიკური გაიდლაინები სიმსუქნის რთული ფორმების მქონე ზოგიერთ ბავშვში მედიკამენტური მკურნალობის დაწყებას 8 წლიდანაც ითვალისწინებს. 

თუმცა კვლევაში დაფიქსირებული ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა ამ ბავშვს პრეპარატი ოფიციალურად დამტკიცებული ჩვენებით დაენიშნა.

კვლევის მიხედვით, GLP-1 პრეპარატების მიმღებ ბავშვებს ხშირად ჰქონდათ სიმსუქნესთან დაკავშირებული სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, ძილის აპნოე, სხვა მეტაბოლური პრობლემები.

მკვლევრებისა და სპეციალისტების აზრით, ბავშვთა მძიმე სიმსუქნე თავად წარმოადგენს ჯანმრთელობის სერიოზულ რისკს, რის გამოც ექიმები ეფექტურ სამკურნალო საშუალებებს ეძებენ. მთავარი შეკითხვა კი უსაფრთხოებას უკავშირდება.


ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ 12 წლამდე ბავშვებში GLP-1 პრეპარატების გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ მონაცემები ჯერ შეზღუდულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, როგორ მოქმედებს ხანგრძლივი მკურნალობა ბავშვის ზრდაზე, განვითარებაზე, კვებით მდგომარეობასა და ჯანმრთელობის სხვა მაჩვენებლებზე.

კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო ტედენცია აჩვენა - რომ უფრო მაღალი შემოსავლის მქონე რაიონებში მცხოვრები ბავშვები 55%-ით უფრო ხშირად იღებდნენ GLP-1 პრეპარატებს, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე რაიონებში მცხოვრები ბავშვები. ეს მიუთითებს, რომ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით.

Reuters-ის ინფორმაცია