„საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რაც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის. ეს მოხდა დათქმულ დროში - დაახლოებით, თვე-ნახევარში. ჩვენ არა თუ თვალს ვადევნებდით პროცესს, არამედ სამინისტროს მხრიდან, ყველა პროცედურასა და აქტივობაზე ვიყავით ინფორმირებული“  - აღნიშნულის შესახებ დიუშენის მქონე ბავშვის მშობელმა და ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაქარია გვიშიანმა განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მარტივი გზა არ ყოფილა და პროცესს ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა. როგორც გვიშიანმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება პირდაპირ იტალფარმაკოსთან შედგა და პროცესში მედიკამენტის ხარისხის, უწყვეტი და დროული მოწოდების საკითხები იყო დაცული.


„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ჯანდაცვის მინისტრს, მის გუნდს. ეს არის მიღწევა - მოწინავე ქვეყნებს შორის დგომა, რაც უკავშირდება იმ მედიკამენტს, რომელიც დაავადებათა მართვის ეროვნულ პროგრამაში იქნება შეტანილი და ეს, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია. როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, უკვე რამდენიმე დღეში მედიკამენტი იქნება საქართველოში და ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტსა და ყველა მხარდამჭერს“ - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.


მან მეორე პრეპარატთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისი ხელმისაწვდომობის პროცესში სრულად იყოს დაცული მედიკამენტის ხარისხი, დროული და უწყვეტი მოწოდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მედიკამენტის საკითხი და ვაფასებთ იმ  დამოკიდებულებას, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი იჩენს. ისინი ძალიან ფრთხილად ეკიდებიან საკითხს, რათა სრულად იყოს დაცული მედიკამენტის ხარისხი, დროული მოწოდება და მიწოდების უწყვეტობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ყველა მოთხოვნის დაცვით, მათ შორის, მოწოდების უწყვეტობისა და ხარისხის მიმართულებით. შესაბამისად, 7 სექტემბერს, დიუშენის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, ძალიან დიდი სიახლეებით ვხვდებით. გვესმის, რომ პროცესი დროში შესაძლოა შეფერხდა, თუმცა ძირითადი საკვანძო საკითხები მხარეებს შორის გადაწყვეტილია. ჩვენ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით ვართ ერთიანი და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთი პოზიცია გვაქვს. უახლოეს პერიოდში ხელშეკრულებას ხელი მოეწერება იმ პირობებით, რომლებიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს გაითვალისწინებს.

7 სექტემბერს, დიუშენის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, ჩვენ დიდი ზეიმით აღვნიშნავთ, რადგან საქართველომ  შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის.


დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, კიდევ ერთხელ ამისთვის - თქვენს გუნდს და საქართველოს ხელისუფლებას. არა მხოლოდ ჩემი, არამედ მშობლებისა და პაციენტების სახელით, რადგან თქვენ შეძელით ის, რაც გარკვეული პერიოდის წინ შეუძლებელი იყო“ - აღნიშნა ზაქარია გვიშიანმა, ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელმა.