დღეიდან ავტომანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე შემოწმდება.
შემოწმებას შსს-ს წარმომადგენლები ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს. თუ სატრანსპორტო საშუალება დადგენილ ნორმას დაარღვევს, 100 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე 10 ქულა მოაკლდება. განმეორების შემთხვევაში, სანქცია გაორმაგდება, დარღვევის მესამე შემთხვევაში კი – გასამმაგდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღამის საგზაო ხმაური განსაკუთრებით დაკავშირებულია ძილის არასასურველ შედეგებთან. მათი რეკომენდაციით, ღამით საგზაო ხმაურის საშუალო დონე საძინებლის გარეთ 45 დეციბელზე დაბალი უნდა იყოს, რათა ჯანმრთელობისთვის არასასურველი გავლენა შემცირდეს.
ჯანმო აღნიშნავს, რომ ძლიერმა და განმეორებადმა ხმაურმა შეიძლება ორგანიზმში სტრესის რეაქცია გამოიწვიოს, რომლის დროსაც იზრდება სტრესთან დაკავშირებული ჰორმონების გამოყოფა, იცვლება გულისცემისა და სისხლძარღვების მუშაობა და შეიძლება მოიმატოს არტერიულმა წნევამ. ხანგრძლივი ზემოქმედება დაკავშირებულია ჰიპერტენზიის მომატებულ რისკთან, გულის იშემიური დაავადების რისკთან და ინფარქტის რისკის ზრდასთან.
ორგანიზაციის მონაცემებით, საგზაო ხმაურსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირის შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არსებობს.
ჯანმო გარემოს ხმაურს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთ გარემოსდაცვით რისკადაც განიხილავს.
განსაკუთრებით პრობლემურია სიტუაცია, როდესაც ადამიანს საკუთარ სახლში მშვიდად ყოფნის ან ძილის შესაძლებლობა არ აქვს.
ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფია. ხანგრძლივმა ხმაურმა და, განსაკუთრებით, ძილის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ყურადღებაზე, სწავლის უნარზე, მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებზე,
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ტრანსპორტის ხმაურის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, როცა ადამიანი ხმაურისგან სრულად არ იღვიძებს — ორგანიზმი ხმოვან სტიმულებზე ძილის დროსაც რეაგირებს.





