მენტალური ჯანმრთელობის სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ხელოვნური ინტელექტისა და ტარებადი მოწყობილობების გაერთიანება ყალიბდება. ამ ტენდენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ციფრული კომპანია და აპლიკაცია Headspace, რომელიც ბოლო პერიოდში საკუთარ პლატფორმაში აქტიურად ავითარებს როგორც AI-ს, ისე ჯანმრთელობის მონაცემებზე დაფუძნებულ პერსონალიზაციას.
სულ ახლახანს Headspace-მა Apple Watch-ის განახლებული გამოცდილება წარადგინა, რომლის მიზანია მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა მომხმარებლისთვის სწორედ იმ მომენტებში გახადოს ხელმისაწვდომი, როდესაც მას ეს შეიძლება ყველაზე მეტად დასჭირდეს. ახალი ფუნქციები მოიცავს მედიტაციას, სუნთქვის სავარჯიშოებს, სტრესულ მომენტებში სწრაფი დამშვიდების რეჟიმს და ძილისთვის განკუთვნილ კონტენტს.
Headspace-ის ახალი მიდგომის მთავარი იდეა ისაა, რომ მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის მისაღებად მომხმარებელს ყოველთვის არ უნდა დასჭირდეს ტელეფონის გახსნა და კონკრეტული სავარჯიშოს მოძებნა.
Apple Watch-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, მაგალითად, „Breathing Nudges“ ფუნქცია მომხმარებელს ვიბრაციული სიგნალით ახსენებს, რომ მცირე პაუზა აიღოს და დაახლოებით ერთწუთიანი სუნთქვის ვარჯიში შეასრულოს.
განსაკუთრებით საინტერესოა SOS რეჟიმი, რომელიც შექმნილია მწვავე ემოციური დაძაბულობის მომენტებისთვის. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს შესაბამისი ემოციური მდგომარეობა, რის შემდეგაც სისტემა მას შესაბამის დამამშვიდებელ კონტენტს სთავაზობს.
Headspace-ის ინოვაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანმრთელობის მონაცემების გამოყენებაა.
მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, აპლიკაციას შეუძლია Apple Health-ის მონაცემების, მათ შორის გულისცემის ცვალებადობის გამოყენება იმისთვის, რომ განსაზღვროს, როდის შეიძლება ადამიანი უფრო მეტად იყოს მზად mindfulness-ის („გაცნობიერებული ყურადღება“ - პრაქტიკა, რომლის დროსაც ადამიანი ცდილობს ყურადღება მიაქციოს იმას, რაც ამ მომენტში ხდება — საკუთარ ფიქრებს, ემოციებს, სხეულის შეგრძნებებსა და გარემოს ) მოკლე სესიისთვის.
ეს ცვლის ტრადიციულ მიდგომას: ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებელმა თავად გადაწყვიტოს, როდის სჭირდება მედიტაცია, ტექნოლოგია ცდილობს შესაბამისი მომენტი თავად შესთავაზოს.
Headspace ასევე იყენებს Apple Health-ში არსებულ ძილისა და აქტივობის მონაცემებს ყოველდღიური რეკომენდაციების პერსონალიზაციისთვის. მაგალითად, ძილის ხარისხისა და რეჟიმის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს მედიტაციის, სუნთქვის ან ძილის კონტენტი.
Headspace ასევე ავითარებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ, საუბარზე აგებულ ინსტრუმენტს — Ebb-ს, რომელიც მომხმარებელს ეხმარება საკუთარ ემოციებსა და აზრებზე დაფიქრებაში. მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციაში Ebb-ს გაუზიაროს ის, რაც აწუხებს, ხოლო სისტემა სთავაზობს თვითრეფლექსიის სივრცეს და შესაბამის სავარჯიშოებსა თუ Headspace-ის კონტენტს.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ Ebb წარმოდგენილია როგორც მენტალური ჯანმრთელობის AI-კომპანიონი და არა ადამიანის თერაპევტის შემცვლელი. მისი როლი უფრო მეტად ყოველდღიური თვითრეფლექსიისა და კეთილდღეობის მხარდაჭერაა.
Headspace-ის ბოლო სიახლეები აჩვენებს, რომ კომპანია მენტალური ჯანმრთელობის აპლიკაციის კლასიკური მოდელისგან უფრო ფართო ეკოსისტემისკენ მიდის.
ესააპერსონალიზებული რეკომენდაციების სისტემა, რომელიც ცდილობს მომხმარებელს შესაბამისი მხარდაჭერა შესაბამის დროს მიაწოდოს.
Headspace-ის მაგალითი უფრო ფართო ცვლილებაზე მიუთითებს: მენტალური ჯანმრთელობის ციფრული სერვისები თანდათან გადადიან პასიური კონტენტის მიწოდებიდან აქტიურ და პერსონალიზებულ მხარდაჭერაზე.
AI-ის განვითარება კომპანიებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელთან უფრო ინტერაქტიული ურთიერთობა შექმნან, ხოლო wearable მოწყობილობები იძლევა შესაძლებლობას, ეს გამოცდილება ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირდეს.
თუმცა, ამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება მონაცემთა კონფიდენციალურობის, მომხმარებლის თანხმობისა და AI-ის უსაფრთხოების საკითხებიც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ჯანმრთელობისა და ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მონაცემებზე.





