პოლონურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Celon Pharma-მ განაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებულმა ექსპერიმენტულმა სემაგლუტიდის პრეპარატმა Reduzek-მა ადრეული ეტაპის ბიოეკვივალენტობის კვლევაში ისეთი შედეგები აჩვენა, რომლებიც Novo Nordisk-ის Ozempic-სა და Wegovy-ს შეესაბამება. 


თემაზე Reuters-ი წერს და აღნიშნავს, რომ კვლევა ჩატარდა კანადაში 91 ჯანმრთელ მოხალისეზე, რომლებსაც Reduzek-ის 0.5 მგ დოზა მისცეს. კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში პრეპარატის შეწოვის სიჩქარე და რაოდენობა შედარებადი იყო Ozempic-სა და Wegovy-სთან. სწორედ ამას ეწოდება ბიოეკვივალენტობა — ანუ პრეპარატი ორგანიზმში არსებითად მსგავსად იქცევა, როგორც ორიგინალი პრეპარატი. 

Celon Pharma ამ კვლევას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს საკუთარი სტრატეგიისთვის, რომლის მიზანიც სემაგლუტიდის ეკვივალენტური პრეპარატის მსოფლიო ბაზრებზე გამოყვანაა. 

სიახლის გამოქვეყნების შემდეგ Celon Pharma-ს აქციების ფასი 14.7%-ით გაიზარდა. 

Celon Pharma-ს პორტფელში, სემაგლუტიდის პროექტის გარდა, შედის ისეთი პრეპარატები, როგორიცაა Aromek — სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი და Donepex — ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება. 


კვლევა ჯერ არ ნიშნავს, რომ Reduzek უკვე დამტკიცებული ან ბაზარზე გასული Ozempic-ის გენერიკია. კვლევამ ამ ეტაპზე აჩვენა ბიოეკვივალენტობა კონკრეტულ დოზაზე ჯანმრთელ მოხალისეებში. შემდეგ საჭიროა შესაბამისი მარეგულირებელი პროცედურების გავლა, რათა პრეპარატი სხვადასხვა ბაზარზე გაიყიდოს.


ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოლონური კომპანიის მედიკამენტი უკვე არსებულ პრეპარატებზე - „ოზემპიკსა“ და „ვეგოვიზე“ იაფი იქნება - ჯერჯერობით პროგნოზები არ კეთდება.