ნიუ-იორკის საჯარო სკოლების სისტემაში, რომელიც აშშ-ში უმსხვილესია და დაახლოებით 900 000 მოსწავლეს აერთიანებს, ტექნოლოგიების გამოყენებაზე მკაცრი რეგულაციები წესდება. ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე „ჯანმრთელობის დღიურები“ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის თანახმად, მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება მე-8 კლასის ჩათვლით (დაახლოებით 13-14 წლამდე) სრულად იკრძალება.


ახალი პოლიტიკა მშობლებისა და პედაგოგების მზარდ წუხილს ეფუძნება. სპეციალისტები შიშობენ, რომ ციფრული ხელსაწყოების უკონტროლო გამოყენება ზიანს აყენებს ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობასა და კოგნიტურ განვითარებას. განსაკუთრებულ საფრთხედ განიხილება ე.წ. "კოგნიტური დანებება" (cognitive surrender) - ფენომენი, როდესაც მოსწავლე დამოუკიდებელი აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაცვლად საკითხების გადაჭრას სრულად პროგრამულ ალგორითმებს ანდობს.

ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვასთან ერთად, ქალაქის განათლების დეპარტამენტი მკაცრად არეგულირებს საკლასო ოთახებში გაჯეტებთან და ეკრანებთან გატარებული დროის ლიმიტებსაც:


მე-3 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ლეპტოპებსა და პლანშეტებზე წვდომა გაკვეთილებზე შეეზღუდებათ.
დაწყებით საფეხურზე ეკრანთან მუშაობის დრო დღეში მაქსიმუმ 30 წუთით განისაზღვრება.
საბაზო საფეხურის კლასებში (მე-6-დან მე-8 კლასის ჩათვლით) ეკრანთან გატარებული დრო გაკვეთილზე 45 წუთამდე შეიზღუდება.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაშვებული იქნება მხოლოდ უფროს საფეხურზე (მე-9 კლასიდან), ისიც მკაცრად განსაზღვრული მიზნებით, მაგალითად, თავად ტექნოლოგიური უნარების შესასწავლად.
სრულად იკრძალება ფსიქოლოგიური მხარდაჭერის იმიტატორი "მეგობარი ჩატბოტები".
პედაგოგებს შეეძლებათ AI-ის გამოყენება გაკვეთილების დასაგეგმად, თუმცა ეკრძალებათ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების ხელოვნური ინტელექტისთვის გადაბარება.
სპეციალისტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის გარეთ ტელეფონებსა და AI-ზე წვდომის გაკონტროლება ურთულეს გამოწვევად რჩება, საკლასო ოთახებში ეკრანის დროისა და ალგორითმების შეზღუდვა აუცილებელი ნაბიჯია ბავშვთა კრიტიკული აზროვნების დასაცავად.