აშშ-ში წონის დასაკლებად პოპულარული GLP-1 ჯგუფის პრეპარატების, მათ შორის Wegovy-სა და Zepbound-ის, გამოყენების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი მამაკაცი მიმართავს პლასტიკურ ქირურგიასა და ესთეტიკურ კლინიკებს. 

ამის შესახებ Reuters-ი წერს და ამ ტენდენციის მიზეზებსაც განიხილავს: წონის მნიშვნელოვანი დაკლების შემდეგ სხეულზე შეიძლება დარჩეს მოშვებული კანი, სახეზე დაიკარგოს მოცულობა და გაჩნდეს სხვა ვიზუალური ცვლილება, რომელთა გამოსწორებაც მხოლოდ წონის დაკლებით შეუძლებელია. 


სტატიის თანახმად, მამაკაცები, რომლებიც წარსულში კოსმეტიკურ პროცედურებს შედარებით ერიდებოდნენ, ახლა ამ კლინიკების კლიენტების მზარდ ნაწილს წარმოადგენენ.

ცვლილებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს: სოციალური მედია და გარეგნობაზე გაზრდილი ყურადღება, მამაკაცური გარეგნობის შესახებ შეხედულებების ცვლილება, GLP-1 პრეპარატებით წონის სწრაფი და მნიშვნელოვანი კლება, სურვილი, რომ წონის დაკლების შედეგად მიღებული ახალი სხეული უფრო სრულყოფილად გამოიყურებოდეს. 


მამაკაცები სხვადასხვა სახის პროცედურებს ირჩევენ. მათ შორისაა სახის ლიფტინგი, მუცლის პლასტიკა, თმის აღდგენის პროცედურები, კბილის იმპლანტები, კანისა და სახის მოცულობის კორექცია.


შესაბამისად, პროცესი მხოლოდ წონის დაკლებით აღარ მთავრდება — ზოგიერთი მამაკაცი ცდილობს გარეგნობის მთლიანად შეცვლას და იმ პრობლემების მოგვარებასაც, რომლებიც ბევრი ცხიმის დაკარგვის შემდეგ ჩნდება. 
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში2024 წელს მამაკაცებმა  დაახლოებით 1.7 მილიონი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარეს, რაც წინა წელთან შედარებით 2.7%-იანი ზრდაა.

ამასთან, მამაკაცებში წონის დასაკლები პრეპარატების დანიშნულებების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2022 წელს 18.3%-დან 2026 წელს 28.3%-მდე.

ეს ნიშნავს, რომ GLP-1 პრეპარატების პოპულარობა არა მხოლოდ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედებს, არამედ ქმნის ახალ მოთხოვნას პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკური მედიცინის სფეროშიც.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ადრე მამაკაცების კოსმეტიკური პროცედურები ხშირად ასოცირდებოდა კონკრეტული პრობლემის — მაგალითად, თმის ცვენის — მოგვარებასთან. ახლა კი ზოგიერთ პაციენტს სურს სრული ვიზუალური ტრანსფორმაცია: წონის დაკლება, ზედმეტი კანის მოცილება, სახის ფორმის კორექცია, თმის აღდგენა და კბილების მოწესრიგებაც კი.


მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური მედია, სადაც სხეულის ცვლილებები და „მანამდე/შემდეგ“ შედეგები ძალიან თვალსაჩინო ხდება. 

ასეთი ტრანსფორმაცია იაფი არ არის და ბევრი პროცედურა სადაზღვევო პროგრამებით არ ფინანსდება, რის გამოც პაციენტებს ხშირად მნიშვნელოვანი თანხის ჯიბიდან გადახდა უწევთ. მიუხედავად ამისა, Reuters-თან საუბარში ზოგიერთი პაციენტი ამბობს, რომ მიღებულმა შედეგმა მათი თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 
მამაკაცების მზარდი ინტერესი ახალი სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების შექმნასაც უწყობს ხელს. მაგალითად, კომპანიები მუშაობენ წონის დაკლების შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებზე, მათ შორის თმის ცვენაზე.

შეგახსენებთ, რომ წონის კლების მედიკამენტების მოხმარების ზრდამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კვების მრეწველობაში - კომპანიები სულ უფრო აფართოებენ დაბალკალორიული და ცილების შემცველი საკვების წარმოებას.