Nestlé ცდილობს, GLP-1 ტიპის წონის დასაკლები პრეპარატების პოპულარობა ახალ ბიზნესშესაძლებლობად აქციოს. კომპანია გეგმავს შექმნას პროდუქტები, რომლებიც  Ozempic-სა თუ Wegovy-ს მილიონობით მომხმარებლისთვის იქნება აქტუალური.
 
Novo Nordisk-ისა და Eli Lilly-ის მიერ წარმოებული პრეპარატების პოპულარობის ზრდამ ინვესტორებში გააჩინა შიში, რომ მადის დამთრგუნველმა მედიკამენტებმა შესაძლოა გრძელვადიანად შეამციროს მოთხოვნა შეფუთულ საკვებზე, წასახემსებელ პროდუქტებსა და სასმელებზე.
თუმცა Nestlé ამ ტენდენციაში განსხვავებულ შესაძლებლობას ხედავს:  მან გადაწყვიტა, შექმნას საკვები წონის სწრაფი კლების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების შესამსუბუქებლად.

კომპანიის ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა, შტეფან პალცერმა, Reuters-ს განუცხადა, რომ Nestlé ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიებს იყენებს კლინიკური კვლევების გასაანალიზებლად და GLP-1 პრეპარატების მომხმარებლებისთვიზე მორგებული პროდუქტების შესაქმნელად. მისი თქმით, ეს კომპანიისთვის „უზარმაზარი შესაძლებლობაა“. 


კომპანიის მიერ Reuters-ისთვის ნაჩვენებ პრეზენტაციაში განხილულია სწრაფი წონის კლების რამდენიმე შესაძლო შედეგი, მათ შორის:

•კუნთოვანი მასის დაკარგვა; 
•კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები; 
•გაუწყლოება; 
•არასაკმარისი საკვები ნივთიერებების მიღება; 
•ე.წ. „Ozempic face“ —ცხიმოვანი ქსოვილის დაკარგვის შედეგად სახის მოცულობის შემცირება. 


Nestlé-ს მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ დიდი მოცულობის კლინიკური კვლევების დასამუშავებლად და ისეთი საკვები ნივთიერებების კომბინაციების მოსაძებნად, რომლებიც შეიძლება კუნთების ჯანმრთელობას, ჰიდრატაციასა და სათანადო კვებას დაეხმაროს. 


მაგალითად, კომპანიის Vital Proteins-ის პროდუქტებში უკვე დაემატა კოლაგენის ცილა, რომელიც წონის სწრაფი კლების დროს კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევადაა განკუთვნილი.

პალცერის თქმით, წონის დაკლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია კუნთოვანი მასის დაკარგვასთან. Nestlé-მ შეიმუშავა ორი მიკროელემენტის კომბინაცია, რომელიც, კომპანიის განცხადებით, კუნთოვანი ქსოვილის ზრდის სტიმულირებას ახდენს. იდეა ასეთია: ერთი მხრივ, მომხმარებელი იღებს ცილას, მეორე მხრივ კი ორგანიზმს ეხმარება კუნთოვანი ქსოვილის აღდგენაში.

Nestlé ასევე მუშაობს პროდუქტებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც GLP-1 პრეპარატების მიღებას წყვეტენ და შესაძლოა კვლავ გაუძლიერდეთ შიმშილის შეგრძნება.

კომპანიამ უკვე დააპატენტა საკუთარი ინგრედიენტების გარკვეული კომბინაციები, რომლებიც, Nestlé-ს განცხადებით, შესაძლოა ადამიანს მადის შემცირებაში დაეხმაროს.


GLP-1 ბაზარზე ამჟამად დომინირებს Eli Lilly-ის Mounjaro და Zepbound-ისა0 და Novo Nordisk-ის Wegovy და Ozempic-ი. Boston Consulting Group-ის მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი იღებს GLP-1 ტიპის პრეპარატებს და ეს რაოდენობა ათწლეულის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება. 
Nestlé უკვე უშვებს პროდუქტებს, რომლებიც სპეციალურად GLP-1 პრეპარატების მომხმარებლებისთვისაა გათვლილი, მათ შორის Boost Advanced Nutrition Shake და Milo PRO High Protein. კომპანია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს არა მხოლოდ კვლევისა და პროდუქტის განვითარების დასაჩქარებლად, არამედ მომხმარებელთა ქცევის შესასწავლად და იმის პროგნოზირებისთვისაც, რამდენად წარმატებული იქნება პროდუქტი ბაზარზე. 

ამასთან, კვების ზოგიერთი სპეციალისტი ეჭვქვეშ აყენებს ასეთი სპეციალიზებული პროდუქტების აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ იგივე საკვები ნივთიერებების მიღება ჩვეულებრივი, სრულფასოვანი საკვებიდანაც შეიძლება — ხშირად უფრო დაბალ ფასად. მიუხედავად ამისა, ისინი აღიარებენ, რომ ეფექტური მარკეტინგის პირობებში, შეიძლება,რომ ამ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა გაჩნდეს.
ასე რომ, Nestlé-სთვის GLP-1 პრეპარატების გავრცელება მხოლოდ ტრადიციული საკვების გაყიდვების პოტენციური საფრთხე აღარ არის. კომპანია ცდილობს, თავად გახდეს ამ ახალი სამომხმარებლო ეკოსისტემის ნაწილი — შექმნას საკვები და სასმელები, რომლებიც ადამიანებს დაეხმარება წონის კლების პერიოდში და GLP-1 პრეპარატების მიღების შემდეგაც.