ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილეებთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს, გამოსამშვიდობებელ მიღებას დაესწრო.

სილვიუ დომენტე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და ამ პოზიციაზე მუშაობა დაასრულა.

ღონისძიებაზე ის რეფორმები შეაჯამეს, რომლებიც ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.მიხეილ სარჯველაძემ სილვიუ დომენტეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა მის მნიშვნელოვან როლს საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის წარმატებულ თანამშრომლობაში. როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ ერთობლივმა პროექტებმა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზარდა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.სილვიუ დომენტემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი მისიის პერიოდში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომელთა ნაწილი, მიუხედავად მასშტაბისა და სირთულისა, ქვეყანამ შედარებით მოკლე პერიოდში შეძლო.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა DRG დაფინანსების სისტემისა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვაზე, მალარიის ელიმინაციაზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ამ მიმართულებით კოლაბორაციის ცენტრის შექმნაზე, ასევე პირველადი ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა COVID-19-ის პანდემიაზე საქართველოს რეაგირების გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომლისგანაც სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ სწავლა. ღონისძიებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.