ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ში იმუნიზაციის პოლიტიკაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები არ შეესაბამება გლობალურ მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს, რა ასაკში არიან ბავშვები ყველაზე მოწყვლადნი, როდის უზრუნველყოფს ვაქცინაცია მაქსიმალურ დაცვას, რამდენი დოზაა საჭირო და რომელი პრეპარატების უსაფრთხოდ კომბინირებაა შესაძლებელი.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ხაზი გაუსვა, რომ სამეცნიერო მონაცემები მუდმივად გადაიხედება, რადგან მთელი მსოფლიოდან ახალი კვლევების შედეგები გროვდება:
„ბოლო მონაცემები ცალსახად მიუთითებს, რომ ვაქცინები — მათ შორის MMR ვაქცინა (პრეპარატი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს წითელას, ყბაყურასა და წითურასგან იცავს) — უსაფრთხოა და აუტიზმს არ იწვევს. ვაქცინაციის გადადება ან დოზების უსაფუძვლო დაყოფა აცრებს უფრო უსაფრთხოს არ ხდის და ბავშვებს დაუცველ მდგომარეობაში ტოვებს.“
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პოლიტიკა უნდა ყალიბდებოდეს არსებული საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ანალიზის შედეგად და არა პოლიტიკური ზეწოლის გავლენით. 
ცნობისთვის: 
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს წითელაზე, ყბაყურასა და წითურაზე ვაქცინაცია ცალ-ცალკე ჩაუტარდებათ. 
თეთრი სახლის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ ახალშობილთა ვაქცინაცია სამ ეტაპად დაიყოფა და თითოეულ აცრას ბავშვებს ექიმთან ყოველი შემდგომი ვიზიტისას გაუკეთებენ. ამასთან ერთად, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს ვაქცინის გაუმჯობესებისთვის კვლევის ჩატარება დაავალა.


მედიის ცნობით, ცვლილების თანახმად, აშშ-ში ყველა ბავშვისთვის სტანდარტულად რეკომენდებული 17 ვაქცინიდან მხოლოდ ექვსს ექნება სრული რეკომენდაციები: წითელა, ყბაყურა, წითურა (MMR), დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა (DTaP), პოლიომიელიტი, Hib, პნევმოკოკური დაავადება, HPV და ჩუტყვავილა.

ექსპერტების შეფასებით, ეს ფინანსურ და ლოგისტიკურ ტვირთს შეუქმნის ოჯახებს და სამედიცინო პროვაიდერებს რამდენიმე დამატებითი ვიზიტის გამო.

აშშ-ის რამდენიმე შტატში სკოლის ასაკის ბავშვებისთვის აცრა სავალდებულოა, ხოლო დონალდ ტრამპის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ შტატებმა, უმჯობესია, გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

წარსულში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახალშობილების ვაქცინაცია, სავარაუდოდ, აუტიზმს იწვევს.