თანამედროვე ონკოლოგიამ მნიშვნელოვნად შეცვალა კიბოს მქონე ადამიანის პერსპექტივა. დიაგნოსტიკის გაუმჯობესებამ, ახალმა სამკურნალო საშუალებებმა, მიზანმიმართულმა მკურნალობის მეთოდებმა და იმუნოთერაპიამ მრავალი სიმსივნის შემთხვევაში სიცოცხლის გახანგრძლივება და ზოგ შემთხვევაში დაავადების ხანგრძლივი კონტროლიც კი შესაძლებელი გახადა. 2022 წლის მონაცემებით ევროპაში 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დაავადებასთან  ერთად და დიაგნოზის შემდგომ.

თუმცა ამ პროგრესს აქვს მხარე – მხარე, რომელიც ხშირად უხილავია – ფინანსური ტოქსიკურობა

რა ფასად უჯდება ადამიანს კიბოს დიაგნოზი?

აქ საუბარი მხოლოდ მედიკამენტის ან ჩარევის ღირებულებაზე არ არის. დიაგნოზის დასმის მომენტიდან პაციენტის ცხოვრებაში შესაძლოა გაჩნდეს გამოკვლევების, მედიკამენტების, ტრანსპორტისა და საცხოვრებლის ხარჯები, სამუშაო დღეების დაკარგვა, შემოსავლის შემცირება, ოჯახის წევრის მიერ სამსახურის დროებით დატოვების აუცილებლობა, დანაზოგების გამოყენება, ვალი და ზოგჯერ ქონების გაყიდვაც კი. მოვლენებისა და მოცემულობების მთელი ნუსხა, რომელიც დამატებით ამძიმებს და ამძაფრებს რეალობას.

ამ მოვლენას თანამედროვე ონკოლოგიაში ფინანსური ტოქსიკურობა (Financial Toxicity) ეწოდება.

2024 წელს გამოქვეყნებულ ESMO-ს ექსპერტთა კონსენსუსში ფინანსური ტოქსიკურობა განისაზღვრება, როგორც კიბოს დიაგნოზისა და მკურნალობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტური ფინანსური ტვირთისა და სუბიექტური ფინანსური სტრესის ერთობლიობა.

სწორედ ეს, მეორე ნაწილი, არის ჩვენთვის და გლობალურად მეტად მნიშვნელოვანი: ორი პაციენტის მიერ გადახდილი თანხა შეიძლება ერთნაირი იყოს, მაგრამ ამის შედეგი სრულიად განსხვავებული. ერთი ოჯახისთვის კონკრეტული ხარჯი შეიძლება მართვადი აღმოჩნდეს, მეორესთვის კი ნიშნავდეს არჩევანს მკურნალობასა და ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებს შორის.

ამიტომ ფინანსური ტოქსიკურობა მხოლოდ დახარჯული თანხით არ იზომება…

ESMO-ს კონსენსუსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილიც სწორედ ესაა: ფინანსური ტოქსიკურობა არ უნდა განვიხილოთ კიბოს მკურნალობის მეორე ხარისხოვან სოციალურ შედეგად. მას შეუძლია გავლენა იქონიოს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მკურნალობის ხელმისაწვდომობასა და დანიშნულებისამებრ მკურნალობის ჩატარებაზე.

სხვა სიტყვებით, ფინანსური პრობლემა საბოლოოდ შესაძლებელია სამედიცინო პრობლემად იქცეს.

ვის ემუქრება ფინანსური ტოქსიკურობა ყველაზე მეტად?

ESMO-ს მიერ გაანალიზებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რისკები თანაბრად განაწილებული არ არის.

განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს შორის გვხვდებიან: დაბალი პირადი ან ოჯახური შემოსავლის მქონე პირები, პაციენტები, რომლებიც მკურნალობის პერიოდში კარგავენ შემოსავლის წყაროს, არასაკმარისი სადაზღვევო დაფარვის მქონე პირები და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახები.

მნიშვნელობა აქვს ოჯახის სტრუქტურასაც.

დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებიდან მიღებული მონაცემების მეტა ანალიზის შედეგების მიხედვით, ოთხზე მეტი წევრისგან შემდგარ ოჯახში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს ობიექტური ფინანსური ტოქსიკურობის ალბათობა 17%-ით მაღალი ჰქონდათ. განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს მდგომარეობა მაშინ, როდესაც პაციენტზე ფინანსურად დამოკიდებული ოჯახის სხვა წევრებიც არიან.

თუმცა, საპირისპირო პრობლემაც არსებობს – დამოუკიდებლად, მარტო მცხოვრებ ადამიანს შესაძლოა არც კი ჰყავდეს ოჯახის წევრი, რომელთანაც დაავადებით გამოწვეული ფინანსური და ყოველდღიური ტვირთის გაზიარებას შეძლებს.

რომელი მკურნალობის მეთოდი ან  სქემა ქმნის ყველაზე დიდ ფინანსურ ტვირთს?

არსებული მონაცემები არ იძლევა საფუძველს, რომელიმე ლოკალიზაციის ავთვისებიანი დაავადება ავტომატურად მივიჩნიოთ ფინანსური ტოქსიკურობის დამოუკიდებელ მიზეზად.

სამაგიეროდ, მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტიპს.

ESMO-ს კონსენსუსის მიხედვით, სისტემური სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ქიმიოთერაპია და დამიზნებითი (Target) თერაპია, ფინანსურ ტოქსიკურობას უფრო ხშირად უკავშირდება, ვიდრე მხოლოდ ქირურგიული ან სხივური თერაპიით მკურნალობა.

ამის მიზეზი მხოლოდ მედიკამენტის ფასი არ არის.

ხანგრძლივი მკურნალობა შესაძლოა ნიშნავდეს მრავალჯერად ვიზიტს კლინიკაში, დამატებით კვლევებს, თანმხლები მედიკამენტების საჭიროებას, ტრანსპორტის ხარჯს, სამუშაო დღეების გაცდენასა და ზოგჯერ, ოჯახის წევრის მუდმივ ჩართულობასაც.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელ ადგილს. რეგიონში მცხოვრები პაციენტისთვის ონკოლოგიურ ცენტრამდე ყოველი ვიზიტი ნიშნავს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების, არამედ, მგზავრობის, კვების, ზოგჯერ დროებითი საცხოვრებლის ღირებულებასაც.

ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის არსებობაც, ავტომატურად, არ ნიშნავს ფინანსური ტოქსიკურობის არარსებობას. თუ სახელმწიფო ან სადაზღვევო სისტემა ფარავს მკურნალობის ნაწილს, პაციენტს შეიძლება კვლავ დარჩეს მნიშვნელოვანი პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები გადასაფარი.

როგორ გავიგოთ, რამდენად მძიმეა პაციენტის ფინანსური მდგომარეობა?

ფინანსური მდგომარეობის შეფასება ESMO-ს კონსენსუსის ერთ-ერთი და პრაქტიკულად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ფინანსური ტოქსიკურობის შეფასება არ უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც პაციენტი უკვე ფინანსურ სიდუხჭირეშია ან მკურნალობაზე უარის თქმას განიხილავს.

ESMO რეკომენდაციას იძლევა, რომ ფინანსური სირთულის პირველადი შეფასება დაიწყოს  დიაგნოზის დასმისას ან მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ საჭიროების შესაბამისად განმეორდეს.

პირველი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მარტივი იყოს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ონკოლოგიური ცხოვრების ხარისხის კითხვარის — EORTC QLQ-C30-ის 28-ე კითხვა — სწორედ იმას აფასებს, შეუქმნა თუ არა პაციენტს მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ ან მკურნალობამ ფინანსური სირთულეები.

ერთი კითხვა შესაძლოა მხოლოდ პირველი სიგნალი იყოს.

თუ სკრინინგი ფინანსურ პრობლემაზე მიუთითებს, შესაძლებელია უფრო დეტალური ინსტრუმენტებისა და ბერკეტების გამოყენება. მათ შორის ყველაზე ფართოდ ცნობილია COST (Comprehensive Score for Financial Toxicity), რომელიც საშუალებას იძლევა ფინანსური კეთილდღეობა და კიბოთი გამოწვეული ფინანსური ტვირთი უფრო სისტემურად შეფასდეს.

ეს პრინციპი ძალიან ჰგავს იმას, რასაც ონკოლოგიაში უკვე ყოველდღიურად ვაკეთებთ: ვაფასებთ ტკივილს, კვებით სტატუსს, ფსიქოლოგიურ დისტრესს, მკურნალობის გვერდით მოვლენებსა და ცხოვრების ხარისხს.

მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ არ უნდა ვკითხოთ პაციენტს ფინანსური დისტრესის შესახებაც?

ფინანსური ტოქსიკურობა იწყება ჯერ კიდევ დიაგნოზამდე

ESMO-ს კონსენსუსის მეტად მნიშვნელოვანი გზავნილი ეხება დიაგნოსტიკის ეტაპს.

კიბოს დიაგნოზი ერთ დღეში ნამდვილად არ ისმება. მას ხშირად წინ უძღვის ვიზუალიზაცია, ლაბორატორიული კვლევები, ბიოფსია, პათომორფოლოგიური და ზოგჯერ მოლეკულური კვლევები, სხვადასხვა სპეციალისტთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს ამ ეტაპზე საჭირო გამოკვლევების საფასურის გადახდა არ შეუძლია, ფინანსური ბარიერი შესაძლოა გადაიქცეს დიაგნოზის დაგვიანების ბარიერად, შესაბამისად, დაგვიანებულ მკურნალობად და არასასურველ გამოსავლად.

სწორედ ამიტომ, ESMO-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კიბოზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას აუცილებელი დიაგნოსტიკური პროცესი მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს ფინანსური ბარიერებისგან.

ამავე დროს, მეტი კვლევა ყოველთვის უკეთეს მოვლას არ ნიშნავს. კონსენსუსი ხაზს უსვამს Choosing Wisely-ის პრინციპსაც: არ უნდა ჩატარდეს ისეთი კვლევები, რომლებიც პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას არ ცვლის. ეს ერთდროულად იცავს, როგორც პაციენტის ფინანსურ რესურსს, ისე ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტს.

რა ვიცით საქართველოს შესახებ – რამდენად მძიმეა დაავადების ფინანსური ტვირთი ქართველი პაციენტისთვის?

PMC-ს მიხედვით საქართველოში კიბოსთან დაკავშირებული ფინანსური ტოქსიკურობა მნიშვნელოვანი და დადასტურებული პრობლემაა.  სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 74.5%-მა დაავადებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მიღებისას ზომიერი ან მძიმე ფინანსური ტვირთი განიცადა.

პაციენტთა 44.2%-მა სესხი აიღო – სესხის აღების ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზი კი დიაგნოსტიკური კვლევების ხარჯები იყო.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ გამოკითხულ პაციენტთა მხოლოდ 31.5% იყო სტაბილურად დასაქმებული, ხოლო დასაქმებულ/თვითდასაქმებულ პაციენტთა 33.5%-მა აღნიშნა კიბოსთან დაკავშირებული სირთულეები სამუშაოს შესრულების ან დასაქმების თვალსაზრისით.

არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების ფინანსური დაცვა საქართველოში ჯერ კიდევ არასაკმარისია…

როგორ შევქმნათ და განვავითაროთ დაავადებისგან განკურნებული პირების სამედიცინო მომსახურების მოდელები ისე, რომ ისინი ფინანსური რისკებისგან დაცვის სტრატეგიებსაც მოიცავდეს?

ორგანიზაციებმა და ჯანდაცვის სფეროს შესაბამისმა სტრუქტურებმა ხელი უნდა შეუწყონ ისეთი მოდელების დანერგვას, რომლებიც მოიცავს ხანგრძლივი მეთვალყურეობისა და შემდგომი მონიტორინგის სტრატეგიებს. თავის მხრივ, ეს შესაძლოა მოიცავდეს: მონიტორინგული კვლევების რაციონალურ და ფრთხილ გამოყენებას, დისტანციური მონიტორინგის სისტემების დანერგვას და სარეაბილიტაციო ღონისძიებებსა და მათ მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას.

აღნიშნული მიდგომები ხელს შეუწყობს დაავადებისგან განკურნებული პირების ფინანსური რისკებისგან დაცვას და მათი კლინიკური გამოსავლის გაუმჯობესებას, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის (health-related quality of life, HRQoL) გაუმჯობესებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების საერთო ხარისხის გაუმჯობესებას.

დაავადებისგან განკურნებული პირების შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობისა და მოვლის გეგმებში აუცილებელია ფინანსური სირთულეების შემსუბუქების სტრატეგიების ინტეგრირება. ასეთი სტრატეგიები შესაძლოა მოიცავდეს: ფინანსური ნავიგაციის პროგრამის შემუშავებას, ერთიან ონლაინ პლატფორმას, რომელიც პაციენტებს მიაწვდის ინფორმაციას არსებული ფინანსური დახმარების პროგემების, რეაბილიტაციის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, სხვა აუცილებელი მომსახურეობების ხელმისაწვდომობის და გრძელვადიან პერსპექტივაში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების შესახებ. (WHO’s Package of Interventions for Rehabilitation (PIR)/ WHO Rehabilitation 2030).

მარიამ ჭირაქაძე, დიპლომირებული მედიკოსი, წყარო medscriptum