ახალი ტენდენცია მსოფლიო ბაზარზე - ნაყინის კომპანიები თავიანთი პროდუქციის შემცველობას ცვლიან

ნაყინის მწარმოებელი კომპანიები ზაფხულის პირობებში გაყიდვების ზრდაზე საუბრობენ, თუმცა პარალელურად ემზადებიან ისეთი სტრატეგიების შემუშავებისთვის, რომ  მომხმარებლებს საკუთარი თავის განებივრებისას დანაშაულის განცდა არ ჰქონდეს. 

ამ თემაზე სტატიას Reuters-ი აქვეყნებს და წერს, რომ მადის დამთრგუნველი GLP-1 პრეპარატების მზარდი პოპულარობა, ჯანსაღ საკვებზე გაზრდილი მოთხოვნა და ინგრედიენტების მიმართ მომხმარებლების მეტი ყურადღება მწარმოებლებს უბიძგებს, გაზარდონ პროდუქტებში ცილის შემცველობა და ინგრედიენტების შემადგენლობა უფრო „სუფთა“ და მარტივი გახადონ.


არსებული მონაცემებით, აშშ-ში ნაყინის გაყიდვების მოცულობა 13 ივნისის ჩათვლით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.5%-ით შემცირდა, მაშინ როცა მეორე კვლევამ აჩვენა, რომ GLP-1 პრეპარატების მომხმარებლები გაყინული ტკბილეულის მოხმარებას მინიმუმ 10%-ით ამცირებენ.

თუმცა მწარმოებლები ვერ ხედავენ იმის მკაფიო ნიშნებს, რომ მომხმარებლები ნაყინზე საერთოდ უარს ამბობენ. პირიქით, ნაყინის კომპანიები იმედოვნებენ, რომ ადამიანები კვლავ განაგრძობენ საკუთარი თავის განებივრებას, თუ ამ ტკბილეულში ნაკლები კალორია, მეტი ცილა და უფრო მარტივი ინგრედიენტების შემადგენლობა იქნება.

მაგალითად, Ferrero-ს მფლობელობაში არსებული Blue Bunny აცხადებს, რომ მის 150-კალორიან მცირე ზომის ნაყინზე Mini Swirls-ზე მოთხოვნა მაღალია. კომპანია ასევე ცვლის პროდუქტების რეცეპტურას და ცდილობს შემადგენლობიდან ამოიღოს ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა მაღალი ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროფი, ხელოვნური საღებავები და ხელოვნური არომატიზატორები.


„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გარკვეული ინგრედიენტები, რომელთა ხილვაც მომხმარებლებს პროდუქტებში ისე ხშირად აღარ სურთ“, — განაცხადა Blue Bunny-ის ბრენდის მარკეტინგის უფროსმა ენდრიუ მონძელევსკიმ.
როგორც Reuters-ი წერს, ეს ცვლილება ასახავს უფრო ფართო გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ინდუსტრია დგას: კვების ჩვევების ცვლილება ცვლის მომხმარებლების მოლოდინებს იმ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ისინი სიამოვნებისთვის და თავის გასანებივრებლად მიირთმევენ.

კიდევ ერთი მაგალითი: The Magnum Ice Cream Company, რომელიც ფლობს ბრენდებს Magnum და Ben & Jerry’s, უფრო აქტიურად გადაერთო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პროდუქტებზე. კომპანიაში ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაყინული ბერძნული იოგურტის ბრენდის Yasso-ს ძლიერი ზრდა სახელდება.

ვორცმანის თქმით, Yasso ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ დაახლოებით 20%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად. ჯგუფის სხვა ბრენდები, მაგალითად Breyers CarbSmart და Popsicle Sugar-Free, კი განსაკუთრებით პოპულარულია GLP-1 პრეპარატების მომხმარებლებს შორის.