თბილისის 20 საბავშვო ბაღში ინტოქსიკაციის ათობით შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად 55 ბავშვი კლინიკებშია გადაყვანილი.
მომხდარზე პირველი ოფიციალური განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გააკეთა, რომლის თანახმად, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ოთხ ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში.
საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.
გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოც/
სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, თბილისის შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას.
„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, შვიდ საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.





