უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტურ ადგილებზე მეორადი რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ე.წ მეორადი ჩარიცხვების ინიციატივა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული. გამონაკლისს, რომელიც მთავრობამ მხოლოდ წელს მიიღო, უმაღლესი განათლების რეფორმით ხსნიან. გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღმა დარჩენილ 1800-მდე აბიტურიენტს აძლევს შანსს, მათთვის სასურველ სასწავლებელში და პროგრამაზე ჩაირიცხონ. სექტემბრის ბოლომდე აბიტურიენტებისთვის ცნობილი იქნება, თუ რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი აცხადებს, მათთან ბევრი ადგილია დარჩენილი. იმის გათვალისწინებით, რომ პირველადი ჩარიცხვებისას ადგილები ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე შეივსო, საინტერესოა, სამედიცინო სფეროში, რა სპეციალობებზეა დარჩენილი ვაკანტური ადგილები.
„მედიცინის პროგრამაზე დაახლოებით 400 ადგილია დარჩენილი, სტომატოლოგიის პროგრამაზე 23, ფიზიკური მედიცინის პროგრამაზე 17, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაზე 10. ჯერ მობილობა არაა დასრულებული და ზუსტ ციფრებს ვერ გეუბნებით. საექთნო და სამეანო პროგრამაზე გვაქვს 200 ადგილამდე,“ - განაცხადა ნატროშვილმა.





