2023 წელს პასიური მოწევის ზემოქმედებასთან დაკავშირებული მიზეზებით დაახლოებით 1.7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
კვლევა, რომელიც ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა, 204 ქვეყანაში და რეგიონში პასიური მოწევის გავრცელებასა და მის შედეგად გამოწვეულ დაავადებათა ტვირთს იკვლევდა.
კვლევის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში 2.7 მილიარდზე მეტი ადამიანი იყო პასიური მოწევის ზემოქმედების ქვეშ. მათ შორის დაახლოებით 767 მილიონი ბავშვი.
ზრდასრულებში პასიურ მოწევასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო. ბავშვებში კი მთავარი მიზეზი ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები აღმოჩნდა.
მკვლევრების შეფასებით, პასიური მოწევა კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების დასაცავად, კვლევა თამბაქოს კონტროლის უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.
პასიური მოწევა ნიშნავს, როდესაც ადამიანი, რომელიც თავად არ ეწევა თამბაქოს, უნებლიედ სუნთქავს მწეველის მიერ გამოყოფილ თამბაქოს კვამლს. ამას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი სისტემის დაავადებები და კიბო.
თემაზე ინფორმაციას ავრცელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც თავის ახალ ანგარიშში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ მტკიცებულებებს აერთიანებს. ეს მტკიცებულებები ადასტურებს კავშირს თამბაქოს მოხმარებასა და ქალებში უნაყოფობას შორის, ასევე თამბაქოს უარყოფით გავლენას სპერმის ხარისხსა და მამაკაცის სექსუალურ ფუნქციებზე.
ანგარიშის ავტორები მწეველ ქალებს მოუწოდებენ, თავი დაანებონ მოწევას, და ხაზს უსვამენ, რომ იმ ქალებს, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს, უნაყოფობის რისკი 25 პროცენტით ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მოწევას არ ანებებს თავს.
მოწევამ ასევე შეიძლება შეამციროს უნაყოფობის მკურნალობის წარმატების შანსები. ადრე ჩატარებული 21 კვლევის შედეგები უკვე მიუთითებდა სიგარეტის მოწევასა და ცოცხლად დაბადებულთა შემცირებას შორის კავშირზე, მათ შორის ისეთი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შემდეგაც, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება.
მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ მოწევამ შესაძლოა წარმატებული შედეგის ალბათობა დაახლოებით ორჯერ შეამციროს.
ეს მხოლოდ ქალებს არ ეხება. 44 კვლევის მიმოხილვამ, რომელშიც 60 000-ზე მეტი მამაკაცი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მოწევა დაკავშირებულია რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევებთან, მათ შორის სპერმის ანომალიებსა და სექსუალურ დისფუნქციასთან.
მონაცემებმა აჩვენა, რომ მწეველ მამაკაცებს უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სპერმის ხარისხის გაუარესება, მათ შორის სპერმატოზოიდების არარსებობა, მათი დაბალი მოძრაობის უნარი და არანორმალური ფორმა.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტების (ასევე ცნობილი როგორც ვეიპები), ჩილიმის, უკვამლო თამბაქოსა და სხვა ახალი პროდუქტების მავნე ზემოქმედების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ გროვდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ მათაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ამასთან, ამ საკითხის უკეთ შესასწავლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.





