ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნაზე დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა.

ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალის“ და შვილობილი კომპანიების კონსოლიდირებულ ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ამ პროცესში გამონაკლისი იყო 2022 წელი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში მიგრაციული ნაკადები გაიზარდა.

„ქვეყნიდან ახალგაზრდა მოსახლეობის ემიგრაცია და შობადობის შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სერვისების მოთხოვნაზე,“ - ნათქვამია ანგარიშგებაში.

ჯანდაცვის სექტორის პრობლემატურ მხარეებს შორის ასევე დასახელებულია სფეროს მარეგულირებელი გარემოს არასტაბილურობა და ეროვნულ დონეზე პრიორიტეტების ცვლილება.

„კერძოდ: სერვისების მიწოდების პირობების (მათ შორის კონკურენტულ გარემოში სელექციის კრიტერიუმების ამოქმედება) ცვლილებამ, ასევე, ჯანდაცვის სახელმწიფო სექტორის გაძლიერება/დომინირებამ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების ამ სექტორისაკენ მიმართვამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ქსელის ფუნქციონირებას. ამ მიმართულებით ამ ეტაპზე გასათვალისწინებელ რისკებს შორის აღსანიშნავია: ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებელი გარემო - სანებართვო პირობების გართულება; პირველადი ჯანდაცვის სექტორის რეფორმა - ახალი კონცეპტუალური მიდგომა; საკადრო რესურსის პრობლემა (ნაკლებობა, ხელფასები),“  - აღნიშნულია დოკუმენტში და

 რისკების მართვის მიზნით გატარებული ღონისძიებებია ჩამოთვლილი. ეს ღონისძიებებია: 

სერვისების მტკიცებულებების (სტატისტიკა, საუკეთესო პრაქტიკები და სხვა) მიხედვით დაგეგმარება;  მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკების ხელშეწყობა;  მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მოზიდვა/შენარჩუნება; ზრუნვა საკადრო რესურსის მომზადებაზე - ქსელის სასწავლო ცენტრის ექიმებისა და ექთნების მზადების მძლავრ ინსტიტუტად ჩამოყალიბება;  ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების სრულყოფა და გარე შეფასებებში მუდმივი მონაწილეობა; თანამშრომლობა საზღვარგარეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან პესონალის მომზადების, სამედიცინო გამოცდილების გაზიარების სფეროში.

დოკუმენტის თანახმად, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელი საქართველოს 5 რეგიონში ოპერირებს (კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი) და მისი საწოლფონდი საქართველოში გაშლილი საწოლების 6%-ია.

დღეის მდგომარეობით ქსელში გაერთიანებულია განსხვავებული რესურსის მქონე 15 სტაციონარული დაწესებულება 924 საწოლით.