მთავრობა პაციენტთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი და სწრაფი მექანიზმის შექმნას გეგმავს.
ამის შესახებ მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ გეგმაში საუბრობს, სადაც იმ კანონპროექტების ნუსხაა მოცემული, რომელთა მომზადებასაც აპირებს.
გეგმაში ვკითხულობთ: „სამინისტროში მომზადებულია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს პაციენტის საჩივრების განხილვის ეფექტიანი სისტემის დანერგვას. სისტემა მოიცავს უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის საჩივრის შიდა განხილვის მექანიზმის (ეთიკური კომიტეტი/საჩივრების განმხილველი ორგანო) შექმნას; რეცენზირების ახალი წესის დანერგვას; რეცენზირების შედეგების ინტეგრირებას უწყვეტი პროფესიული განვითარების (უსგ) სისტემაში და მის ეტაპობრივ გარდაქმნას ექიმის პროფესიულ ვალდებულებად; პროფესიული განვითარების საბჭოს როლის გაძლიერებას როგორც ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის, ისე სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებისა და პრევენციული რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით. დაგეგმილ რეფორმას შედეგად მოჰყვება პაციენტების კმაყოფილების ზრდა, ექიმების პროფესიული გაწვითარების ხელშეწყობა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რეცენზირების პროცესის ეფექტიანობის ზრდა და შემთხვევების განხილვის ვადების შემცირება, ასევე, სახელმწიფო რესურსების ეფექტიანი გამოყენება. პაციენტის საჩივრის განხილვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების ახალი მექანიზმის შემუშავება საჭიროებს ცვლილებების განხორციელებას „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში,“ - ნათქვამია დოკუმენტში.





