ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება ჯანმოსა და ზოგადად, გლობალური ჯანდაცვისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ამით მინისტრმა ორგანიზაციის ის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით, 2030 წლამდე მიენიჭა.
მსოფლიოში ჰეპატიტების მიმართულებით ჯანმოს 10 კოლაბორაციული ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა უშუალოდ „ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის“ მიმართულებით სპეციალიზებული კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მხოლოდ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს მინიჭებული.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის საქართველო და საქართველოში არსებული სისტემა, რომელიც ჰეპატიტების ელიმინაციას ისახავს მიზნად, გლობალური მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო სისტემად განიხილება, რომელთან თანამშრომლობაც სასარგებლოა თავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და ამგვარად, გლობალური ჯანდაცვის სისტემისთვის. ეს საქართველოს საერთაშორისო ცნობადობისა და რეპუტაციისთვის უდიდესი საქმეა, რადგან ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ესაა გამორჩეული სახელმწიფო. ეს ძალიან დიდი აღიარება და დაფასებაა., რაც საქართველოს ცნობადობის და რეპუტაციის ზრდას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობით საქარველო საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებასაც ახერხებს, რადგან გლობალური მასშტაბით არსებული მიღწევები საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი ხდება.
მისი თქმით, მსოფლიოში სულ 10-მდეა ჯადაცვის სისტემები, რომლებთანაც ჯანმო ამ ფორმატში და ამ დონეზე თანამშრომლობს.





