8 სექტემბერი კისტური ფიბროზის მსოფლიო დღეა.
კისტური ფიბროზი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებს. ის უშუალოდ იმ უჯრედებს ეხება, რომლებიც ლორწოს, საჭმლის მომნელებელ სითხეებსა და ოფლს წარმოქმნიან.
პირველად ეს დაავადება 1938 წელს დოროთი ანდერსენმა აღწერა, რომელმაც შეამჩნია, რომ ბევრი ბავშვი სუნთქვის მძიმე პრობლემებისა და საკვების მონელების სირთულეების გამო იღუპებოდა.
მედიცინის პროგრესისა და ინოვაციური მკურნალობის წყალობით, ცისტური ფიბროზით დაბადებულ ბავშვებს ბევრად მეტი შანსი აქვთ იცხოვრონ სრულფასოვნად.
ამ დაავადების მკურნალობის მიმართულებით სულ ახლახანს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის.
ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს დაავადების გენეტიკურ მიზეზზე, უზრუნველყოფს ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებასა და პროგრესირებადი დაზიანების შეჩერებას. შედეგად, არსებითად მცირდება ინფექციური გართულებების რისკი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ფილტვის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა. მედიკამენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნუტრიციულ სტატუსსა და ცხოვრების ხარისხს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ უფრო აქტიური, ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებით. „ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელ მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შევიდა, რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს ცისტური ფიბროზის თანამედროვე მკურნალობაში.





