დღეს, 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.
ამ დღეს მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ, რომელთა მთავარი მიზანიც საზოგადოების ინფორმირება, პაციენტებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და კვლევების დაფინანსების ხელშეწყობაა.
შეგახსენებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი ჯივინოსტატი თბილისში ამ კვირის დასაწყისში იქნება. როგორც პაციენტების მშობლები აღნიშნავენ, ესაა დიდი გამარჯვება, რომლითაც ისინი ამ დღეს ხვდებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო „პანორამა ლისი გრანდ ოტელში“ გაიმართება საჯარო ღონისძიება. რომლითაც დიუშენის პაციენტების მშობლები კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას მათი ბრძოლის შესახებ, ასევე გაუზიარებენ გამოწვევებსა და წარმატებებს.
ღონისძიებას დაესწრებიან დიუშენით დაავადებული ბავშვები, მათი მშობლები, ექიმები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.




