საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 45 წლის ჩათვლით ასაკის მოქალაქეებს - როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს - პაპილომავისურის აცრას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფინანსებს.
ამის შესახებ იმუნოლოგმა ლალი ფირცხალაიშვილმა იუთუბ არხზე „ჯანმრთელობის დღიურები“ პოდკასტების სერიის „ჯანსაღი დიალოგის“ ერთ-ერთ ეპიზოდში საუბრისას განაცხადა.
„ძალიან ვიბრძვით, რომ არ ჩავარდეს ეს პროგრამა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ბოლო თაობის თანამედროვე 9-კომპონენტიანი ვაქცინა, “ - განაცხადა ფირცხალაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრას სახელმწიფო ყველა მოქალაქისთვის სრულად ფარავს. აცრის გაკეთება შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს 11-დან 45 წლის ჩათვლით. თუმცა, ექიმების თქმით, მიმართვიანობა დაბალია.
პრეპარატი მიმართულია 9 შტამის წინააღმდეგ. ექიმების განმარტებით, ამ შტამებს შორისაა პაპილომავირუსის ონკოტიპები, რომლებიც ქალს საშვილოსნოს ყელის სიმსივნისგან იცავს. დანარჩენი ტიპები კი ებრძვის იმ პაპილომავირუსებს, რომლებიც უამრავი დაავადების, მათ შორის კონდილომების გაჩენის მიზეზია. მამაკაცები კი ხშირად ამ ვირუსის გადამტანები არიან, ამიტომ ვაქცინაცია მათთვისაც მნიშვნელოვანია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ რომ მსოფლიოს უკვე აქვს პრეცედენტი, როცა პაპილომა ვირუსის ვაქცინაციამ საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისგან გარდაცვალების შემთხვევები გაანულა.
მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, 1995 წლის შემდეგ დაბადებულ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო არ განვითარებულა. ჯანმოში აცხადებენ, რომ საქართველოში მცხოვრებ ქალებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ მომავალი საშვილოსნოს ყელის კიბოს გარეშე.





