დღეს ორგანოთა დონაციის მსოფლიო დღეა.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია, რომ საზოგადოებაში ორგანოთა და ქსოვილების დონაციის მნიშვნელობაზე ცნობიერება გაიზარდოს - მთავარი მიზანია ადამიანებმა უკეთ გაიგონ, როგორ შეუძლია დონაციას სიცოცხლის გადარჩენა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორგანოთა გადანერგვის სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს. 
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სრულად ფინანსდება თირკმლის ტრანსპლანტაცია. 2025 წელს, 800 000 - მდე ლარით დაფინანსდა და წარმატებით ჩატარდა თირკმლის გადანერგვის 37  ოპერაცია.

ფინანსდება გადანერგვის შემდგომ აუცილებელი მედიკამენტებიც, რაც ორგანოგადანერგილ პაციენტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ესაჭიროებათ. მედიკამენტები უფინანსდებათ იმ პირებსაც, რომელთაც თირკმლის გადანერგვა საზღვარგარეთ ჩაუტარდათ. პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.


პროგრამის დროებითი მოსარგებლეები არიან თირკმლის მწვავე დიაგნოზის მქონე პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ საჭიროებენ დიალიზს.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
2022 წლიდან დაიწყო ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების დაფინანსება პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, მათ შორის, საზღვარგარეთის კლინიკებში. 2025 წლის ივნისის მონაცემებით, სახელმწიფომ ძვლის ტვინის გადანერგვა 57, თირკმლის ტრანსპლანტაცია 47, ღვიძლის გადანერგვა კი 9 პაციენტს დაუფინანსა.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ასევე ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.

საქართველოში დონორის ბარათი 1000-ზე მეტ ადამიანს აქვს აღებული. ეს ნიშნავს პირის გაცხადებულ თანხმობას, გარდაცვალების შემთხვევაში  მისი ორგანოები იმ ადამიანს გადაუნერგონ, ვისაც ამის საჭიროება აქვს.

2025 წლის მონაცემებით, ტრანსპლანტალოგიის ასოციასთან არსებულ ბანკში 670 ორგანოგადანერგილი პაციენტია აღრიცხვაზე. მათგან 200-ს ღვიძლი აქვს გადანერგილი, 12-ს გული,  დანარჩენი კი თირკმელგადანერგილი პაციენტია. აქედან უმრავლესობა საქართველოშია ნაოპერაციები, 11%-კი უცხოეთში, რისი მიზეზიც ისაა, რომ საქართველოში გვამური დონაცია არ არსებობს. შესაბამისად, ყველა გულდადანერგილ მოქალაქეს ეს ოპერაცია უცხოეთში აქვს ჩატარებული. 


საქართველოში გვამური დონაციის დაწყებისკენ პირველი ნაბიჯები 4-5 წლის წინ გადაიდგა, როცა თურქულ მხარესთან მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ტრანსპლანტალოგიის განვითარება და მათ შორის გვამური დონაციის დაწყება. თუმცა ამის შემდეგ ამ კუთხით მნიშვნელოვანი სიახლეები არ ყოფილა.

ქვეყანა ჯერ არ არის გაერთიანებული ორგანოთა გაცვლის სისტემაში. სწორედ ამიტომ საქართველოში გვამური დონაცია არ არსებობს.