მსოფლიოში სამედიცინო ტექნოლოგიების ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ Medtronic-მა 2027 ფინანსური წლისთვის შემოსავლებისა და მოგების პროგნოზი გაზარდა. კომპანიის განცხადებით, ზრდას განსაკუთრებით ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა მოწყობილობებზე ძლიერი მოთხოვნა, მათ შორის რთული კარდიოლოგიური პროცედურების დროს გამოყენებულ ტექნოლოგიებზე.
Medtronic-ო ელოდება, რომ 2027 ფინანსურ წელს მისი შემოსავლები 7.25%-დან 7.75%-მდე გაიზრდება. წინა პროგნოზი 6.75%-დან 7.25%-მდე იყო.
განსაკუთრებით აქტიურია პულსური ველის აბლაციის (PFA) ტექნოლოგიის ზრდა. ეს მეთოდი გამოიყენება გულის რიტმის ზოგიერთი დარღვევის, მათ შორის წინაგულების ფიბრილაციის, სამკურნალოდ.
Medtronic-ის PFA პროდუქტების პორტფელის გაყიდვები 88%-ით გაიზარდა, რაც კომპანიისთვის ამ მიმართულების მზარდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
Reuters-ის თანახმად, Medtronic-ის ხელმძღვანელობა პროგნოზის გაუმჯობესებას რამდენიმე ბიზნესსეგმენტში ძლიერ შედეგებსა და ახალი ტექნოლოგიების მზარდ გავლენას უკავშირებს.
Medtronic-მა ასევე გამოაცხადა $80 მილიონიანი ინვესტიცია გულის სარქვლის აღდგენის ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანია Pi-Cardia-ში. შეთანხმება Medtronic-ს მომავალში კომპანიის $210 მილიონად შეძენის შესაძლებლობასაც აძლევს.
გარდა ამისა, Medtronic დაახლოებით $700 მილიონს აბანდებს Cornerstone Robotics-ში. შეთანხმება კომპანიას ქირურგიული რობოტის გლობალური დისტრიბუციის უფლებებს მისცემს.
კომპანიის სტრატეგიაა, შესყიდვები და ინვესტიციები მიმართოს იმ სფეროებში, სადაც მაღალი ზრდის პოტენციალი და დიდი რაოდენობის პაციენტებია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასევე განვითარებად ბაზრებს, სადაც რობოტული ქირურგიის ტექნოლოგიები ჯერ სრულად ათვისებული არ არის.
Medtronic-ის შედეგები მიუთითებს, რომ სამედიცინო მოწყობილობების ბაზარზე მოთხოვნა კვლავ ძლიერია, განსაკუთრებით კომპლექსურ კარდიოლოგიურ ჩარევებსა და ახალ ტექნოლოგიებზე.
ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო მიმართულება PFA-ა: მისი სწრაფი ზრდა აჩვენებს, რომ გულის რიტმის დარღვევების მკურნალობაში ახალი, ნაკლებად ინვაზიური ტექნოლოგიების გამოყენება ფართოვდება. ამავე დროს, Medtronic-ის მიერ პროგნოზის გაზრდა და ახალი ინვესტიციები მიუთითებს, რომ კომპანია ამ სფეროებში ზრდის გაგრძელებას ელოდება.





