საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევის 820 627 მოქმედი პაკეტია. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2026 წლის 6 თვის სტატისტიკაშია აღნიშნული. შესაბამისად, მონაცემების თანახმად, სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს.
შარშან, იგივე პერიოდში, სამედიცინო დაზღვევის 765 812 მოქმედი პაკეტი იყო. შესაბამისად, პაკეტების რაოდენობა დაახლოებით 55 ათასით გაიზარდა. ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 460 მილიონი ლარი შეადგინა (გასული წლის იგივე პერიოდში 375 მილიონი იყო).
სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ლიდერია „იმედი ელი“ 135 მილიონი ლარით (30%), მეორეა „ჯიპიაი“ 75,1 მილიონი ლარით და 16%-ით, მესამე კი „არდი“ 73,1 მილიონით (16%), თიბისი დაზღვევაზე კი ბაზრის 9% (42,2 მილიონი) მოდის.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2026 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 930 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 189 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 64 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 874 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 525 მილიონ ლარს.




