ჯანდაცვის სამინისტროში ჯივინოსტატის გამოყენებისა და ქვეყანაში მისი დანერგვის საკითხებზე ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის სპეციალური ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
პრეპარატის მწარმოებელი კომპანია „იტალფარმაკოს“ სამედიცინო გუნდის სპეციალისტმა, ქართველ კოლეგებთან დეტალურად განიხილეს მედიკამენტის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის ეტაპები, არსებული სამეცნიერო კვლევები და საერთაშორისო კლინიკური გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პაციენტების შერჩევის კრიტერიუმებს, მკურნალობის დაწყებამდე საჭირო შეფასებებსა და კვლევებს, მკურნალობის პროცესში პაციენტების მონიტორინგს და შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვის საკითხებს.
ტრენინგის მიზანია, საქართველოში ჯივინოსტატით მკურნალობის დანერგვის პროცესში სპეციალისტებს ჰქონდეთ მედიკამენტის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. დაგეგმილია „იტალფარმაკოს“ საერთაშორისო სამედიცინო გუნდის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტიც, რომლის ფარგლებში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვაში ჩართული ქართველი ექიმებისთვის დამატებითი პრაქტიკული და საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატი საქართველოში ხელმისაწვდომი ხდება. შესაბამისი ხელშეკრულება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „იტალფარმაკოს“ შორის ივლისში გაფორმდა. მედიკამენტი განკუთვნილია შესაბამისი კრიტერიუმების მქონე 6 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის.
მედიკამენტების გაცემა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან მოხდება.





