საქართველოში რეზიდენტურის სფეროში არსებული მდგომარეობა აუცილებლად გამოსასწორებელია.

ამის შესახებ სისხლძარღვთა ქირურგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა გაგა კეშელავამ იუთუბ არხზე „ჯანმრთელობის დღიურები“ პოდკასტების სერიის „ჯანსაღი დიალოგის“ ერთ-ერთ ეპიზოდში საუბრისას განაცხადა.

„რას ნიშნავს იყო რეზიდენტი ევროპის წამყვან კლინიკაში და რას ნიშნავს იყო რეზიდენტი ქართულ რეალობაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხი ქართველი რეზიდენტებისთვის.

ქართულ სამედიცინო რეზიდენტურაში დღეს ორი მთავარი პრობლემა გვაქვს: პირველია სისტემური პრობლემა და მეორე - შიდა პრობლემა. სისტემურ პრობლემაში ვგულისხმობ იმას, რომ დღეს რეზიდენტს დაკისრებული აქვს ვალდებულება, რომ სწავლაში იხადოს საკმაოდ დიდი თანხა, რაც გაუმართლებელია. მეორეა - რა გარემო ხვდება რეზიდენტს, როდესაც ის კლინიკაში შედის - მის ხელმძღვანელს, მის უფროს კოლეგებს რა დამოკიდებულება აქვთ უშუალოდ რეზიდენტის და რეზიდენტურის მიმართ.

გავავლებ პარალელებს: როდესაც საფრანგეთში რეზიდენტურაში ვიყავი, იქ სწავლა, რა თქმა უნდა, მთლიანად უფასო იყო და პირიქით - ვიღებდი ანაზღაურებას იმაში, რასაც ვაკეთებდი, მქონდა ყველანაირი ხელშეწყობა, რათა არაფერზე საფიქრალი არ მქონოდა გარდა  იმისა, რომ მემუშავა და მესწავლა კლინიკაში. ახლა გადმოვიდეთ ქართულ რეალობაში: რეზიდენტს აქვს ძალიან დიდი თანხა გადასახდელი და მისი მთავარი საფიქრალი ის კი არ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლოს, არამედ ის, თუ როგორ დაფაროს ფინანსური ვალდებულებები იმისთვის, რომ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება შეძლოს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასწორია და პირველ რიგში, ესაა აუცილებლად გამოსასწორებელი. მეორე, შიდა პრობლემა ისაა, რომ ჩვენ რადიკალურად უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება რეზიდენტის მიმართ. ჩვენ მასში უნდა დავინახოთ ის მომავლის ექიმი, რომელთანაც ოდესმე მკურნალობა დაგჭირდება. მე ამ საკითხს ასე ვუყურებ: როდესაც რეზიდენტს ვხედავ, მასში ვხედავ ჩემს მომავალ მკურნალ ექიმს. მე ვიცი, რომ აუცილებლად დამჭირდება მკურნალობა ან ოპერაცია და თუ არ გავზრდი კარგ რეზიდენტს, ეს ბუმერანგივით მომიბრუნდება,“ - განაცხადა გაგა კეშელავამ.


 
ამასთან, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეზიდენტს ფინანსური რესურსი აქვს, ის მაინც ვერ იღებს იმ წონის ცოდნას და გამოცდილებას, რომ რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ შეძლოს საოპერაციო ბლოკში შესვლა და ოპერაციის დამოუკიდებლად ჩატარება. 


„ამიტომ რეზიდენტები ცდილობენ, ნაწილობრივ მაინც გაიარონ სტაჟირება და კვალიფიკაციის ამაღლება დასავლეთის წამყვან კლინიკებში. ამ რეალობაში ეს აუცილებელია. რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ მას რამდენიმე წელი სჭირდება, რომ შეძლოს დამოუკიდებელი საქმიანობა, განსაკუთრებით ქირურგიაში. თანდათანობით ვეწევით. პრობლემების მიუხედავად, გაუმჯობესდა მედიცინის ხარისხი საქართველოში. ტარდება ბევრი ოპერაცია და რეზიდენტები ბევრ რამეს უყურებენ და სწავლობენ. გარდა ამისა, გაუმჯობესდა მიმოსვლა, სტაჟირების გავლის შესაძლებლობები,“ - აღნიშნა კეშელავამ.

შეგახსენებთ, რომ რეზიდენტურის დაფინანსების მოდელის შეცვლაზე ბოლო თვეებია, მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით არ არსებობს.