მთავრობა რეზიდენტურის დაფინანსების მოდელებზე მუშაობს. ეს ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ პრემიერისგან დავალებული აქვთ, ამ საკითხზე ზუსტი გამოთვლები გააკეთონ.
„ვმუშაობთ მესამე საფეხურთან დაკავშირებულ მოდერნიზების საკითხზე. ვგულისხმობ დოქტორანტურას - ეს ეხება როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე დაფინანსების ნაწილს და აქვე ვგულისხმობთ რეზიდენტურის ნაწილსაც, რადგან ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ეს საკითხი დააყენა და სთხოვა მთავრობას, რომ იქნებ ამ ნაწილში ყოფილიყო მხარდაჭერა. რეზიდენტურის ნაწილი ძალიან ძვირადღირებულია და რეზიდენტურის სტუდენტებს, პრაქტიკულად უწევთ სახლიდან თანხის გადახდა ანუ მშობლების ჯიბიდან თანხის გადახდა, რადგან როგორც წესი ისინი არ მუშაობენ და შესაბამისად ძალიან დიდი ფინანსური წნეხია.
პრემიერისგან გვაქვს დავალებული, რომ ზუსტი გამოთვლები გავაკეთოთ, რამდენად შეუძლია ქვეყანას და ბიუჯეტს დღეს, ან ეტაპობრივად ხომ არ გავაკეთოთ, ან ვთქვათ რომელი პერიოდიდან გავაკეთოთ, მაგრამ ეს დავალება ვადასტურებთ, რომ მიღებული გვაქვს და ამ საკითხზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა გაბისონიამ.
უფასო რეზიდენტურის შემოღების აუცილებლობაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მედიაში არაერთხელ ისაუბრა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:
„ჩვენ დავაყენეთ პრობლემა, რომ რეზიდენტურა იყოს დაფინანსებული ან ნაწილობრივად დაფინანსებული. გრანტების პრინციპი შეიძლება იყოს აქ გამოყენებული, მაგრამ ეს უკვე სამსჯელო საკითხია. მაგრამ, თუ რეზიდენტურის საკითხი გადაწყდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი სამედიცინო პროფესიების მიმართ ისევ მოიმატებს და რა თქმა უნდა ის დეფიციტი, რომელიც გვაქვს ვიწრო სპეციალობებში ძალიან მალე აღმოიფხვრება“.





