ქვეყანაში, სადაც ერთი ადამიანის ჩვეულებრივი ვახშამი რესტორანში ხშირად სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ექიმის კონსულტაცია, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი აუცილებელია.

ამის შესახებ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, მედიცინის დოქტორი ირაკლი გოგოხია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ბევრი ადამიანი სრულიად ბუნებრივად იხდის 150, 200 ან 300 ლარს რამდენიმე საათიან გართობაში, მაგრამ როდესაც საქმე ექიმის კონსულტაციას ეხება, 50–70 ლარიც კი “ძვირად” ეჩვენება. სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა.

ექიმის ცოდნა არ იქმნება უნივერსიტეტის დიპლომით. თანამედროვე მედიცინაში ექიმი ვალდებულია სწავლობდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. საერთაშორისო კონგრესები, პრაქტიკული ვორქშოპები, მასტერკლასები, სიმულაციური ტრენინგები, პროფესიული სერტიფიკაციები და უახლესი გაიდლაინების მუდმივი შესწავლა აღარ არის ფუფუნება – ეს არის აუცილებლობა.

საერთაშორისო კონგრესზე მხოლოდ რეგისტრაციის საფასური ხშირად 1000–1500 დოლარია. ამას ემატება ავიაბილეთი, სასტუმრო, ტრანსპორტი და სხვა ხარჯები. ერთი ხარისხიანი უცხოური ტრენინგი ხშირად 3000–4000 ევრომდე ჯდება. მაგრამ სწორედ ამ ცოდნით ბრუნდება ექიმი ქვეყანაში და ამ ცოდნით გადაარჩენს მომავალში ათეულობით თუ არა ასეულობით პაციენტს.

ახლა დავსვათ მარტივი კითხვა. როგორ უნდა დაფინანსდეს ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში, სადაც ექიმის კონსულტაციის ფასი ხშირად ერთი კარგი სტეიკისა და ღვინის ღირებულებაზეც ნაკლებია?

ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის არის, რომ ადამიანები ხშირად ათასობით ლარს ხარჯავენ ცხოვრების ისეთ წესში, რომელიც მომავალში დაავადებების რისკს ზრდის. ზედმეტი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მოწევა, ფიზიკური უმოქმედობა – ეს ყველაფერი ზრდის სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, ინსულტისა და მრავალი სხვა პათოლოგიის განვითარების ალბათობას. შემდეგ კი, როდესაც ამ პრობლემების მკურნალობა ხდება საჭირო, ყველაზე რთული გადასახდელი სწორედ ექიმის კონსულტაციის საფასური აღმოჩნდება.


თუ გვინდა ევროპული ხარისხის მედიცინა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული ხარისხის ექიმი უფასოდ არ იქმნება. ცოდნას ფასი აქვს. გამოცდილებას ფასი აქვს. უსაფრთხოებას ფასი აქვს,“ - წერს გოგოხია და აღნიშნავს, რომ ქვეყანა, რომელიც ექიმის განათლებაში არ დებს ინვესტიციას, საბოლოოდ ბევრად მეტს გადაიხდის გართულებებში, არასწორ დიაგნოზებში, დაგვიანებულ მკურნალობაში, ინვალიდობაში და ნაადრევ სიკვდილიანობაში.

„ხშირად ისმის კითხვა: რატომ მიდიან კარგი ექიმები უცხოეთში? პასუხი მარტივია. იქ პროფესიონალიზმი ფასდება. იქ ექიმს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოსავლით მუდმივად განაახლოს ცოდნა და იყოს თანამედროვე მედიცინის ნაწილი.

თუ გვსურს საქართველოში მაღალი ხარისხის ჯანდაცვა, უნდა დასრულდეს ილუზია, რომ მსოფლიო დონის მომსახურებას შეიძლება მივიღოთ იმ სისტემაში, სადაც ექიმის ინტელექტუალური შრომა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ფასად ფასდება.


ჩემი აზრით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ანაზღაურება უნდა იყოს ისეთი, რომ მას რეალურად შეეძლოს პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება. საშუალოდ 10 000–15 000 ლარის თვიური შემოსავალი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში პრივილეგია კი არა, სწორედ იმ პასუხისმგებლობის ეკონომიკური ასახვაა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვას ახლავს. ასეთ პირობებში ექიმს შეუძლია რეგულარულად დაესწროს საერთაშორისო ტრენინგებს, შეიძინოს თანამედროვე ლიტერატურა, აითვისოს ახალი ტექნოლოგიები და ეს ცოდნა საკუთარ პაციენტებს დაუბრუნოს.


საბოლოოდ, არჩევანი მარტივია. ან გვინდა იაფი ექიმი და ძვირი შეცდომები, ან გვინდა კარგად მომზადებული, მუდმივად განვითარებადი ექიმი და უსაფრთხო, თანამედროვე მედიცინა. ორივე ერთად, სამწუხაროდ, არ არსებობს,“ - წერს გოგოხია.