ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი აცხადებს, რომ 2022 წლიდან ევროპის რეგიონში ტყის ხანძრების რაოდენობა 57%-ით გაიზარდა. 

მიმდინარე ზაფხულში ხანძრები დაფიქსირდა საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. საფრანგეთსა და იტალიაში ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეები დაიღუპნენ. 
22 ივლისის მდგომარეობით, ევროპაში რეგისტრირებული იყო 1 254 ტყის ხანძარი, რომლებმაც ატმოსფეროში 8,31 მილიონ ტონაზე მეტი CO₂ გამოყო. 


ჯანმოს შეფასებით, კლიმატის ცვლილება ზრდის ტყის ხანძრების სიხშირესა და ინტენსივობას და მომავალში ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ხანძრის კვამლი ასეულობით კილომეტრზე ვრცელდება და შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნაწილაკებსა და ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ბავშვებს, ხანდაზმულებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. 

ჯანმო მთავრობებს მოუწოდებს დროულად გაავრცელონ გაფრთხილებები, ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია და უზრუნველყონ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება, ხოლო მოქალაქეებს ურჩევს, დაიცვან ოფიციალური რეკომენდაციები, მოერიდონ ხანძრის ზონებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ კარგად მორგებული დამცავი ნიღბები.