დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-მა აშშ-ის ნიუ-ჯერსის ფედერალურ სასამართლოში კონკურენტი Eli Lilly-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კომპანია ამტკიცებს, რომ Eli Lilly-მ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატის Zepbound-ისა და დიაბეტის სამკურნალო Mounjaro-ს რეკლამებით.
კერძოდ. Novo Nordisk-ის განცხადებით, Eli Lilly რეკლამებში იყენებს მოძველებული კლინიკური კვლევების შედეგებს, სადაც საკუთარი პრეპარატების მაღალი დოზები შედარებულია Novo Nordisk-ის Wegovy-სა და Ozempic-ის უფრო დაბალ, უკვე მოძველებულ დოზებთან. Novo ამტკიცებს, რომ რეკლამები არ ასახავს იმ ფაქტს, რომ 2026 წლის მარტში აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ Wegovy-ის უფრო მაღალი დოზა დაამტკიცა, რომელმაც ეფექტიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
კომპანია აცხადებს, რომ ასეთი რეკლამები არღვევს აშშ-ის ფედერალურ და შტატის კანონებს, მათ შორის Lanham Act-ს, რომელიც ცრუ რეკლამირებას არეგულირებს. Novo Nordisk სასამართლოს სთხოვს, აიძულოს Eli Lilly შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამების გავრცელება, ჩაატაროს ახალი სარეკლამო კამპანია და აანაზღაუროს ის მოგება, რომელიც, Novo-ს შეფასებით, შეცდომაში შემყვანი რეკლამებით მიიღო.
თავის მხრივ, Eli Lilly ბრალდებებს არ ეთანხმება. კომპანია აცხადებს, რომ მისი რეკლამები ემყარება კლინიკური კვლევის SURMOUNT-5-ის შედეგებს და გეგმავს, რომ სასამართლოში საკუთარი პოზიცია დაიცვას.
ეს სასამართლო დავა კიდევ უფრო ამწვავებს კონკურენციას ორ კომპანიას შორის, რომლებიც სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სწრაფად მზარდ ბაზარზე ლიდერობისთვის იბრძვიან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ბაზრის მოცულობა 2030 წლისთვის 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
Reuters





