ოფიციალური მონაცემების თანახმად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით ინფიცირების 5 514 შემთხვევა და 2 642 გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც სიკვდილიანობის 47,9%-ს შეადგენს. 1 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
24 აგვისტოს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ებოლას შემთხვევების რაოდენობამ 5 500-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი განაცხადა, რომ დაავადების გავრცელებამ „კრიტიკულ ფაზაში“ გადავიდა.
ეპიდემია 57 რაიონშია გავრცელებული.
ამ ფონზე, 24 აგვისტოს ჯანმომ განაცხადა, რომ ეს არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში ებოლას ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ეპიდემია. ორგანიზაციის თქმით, ინფექციის გავრცელების ტემპი კვლავ აღემატება ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობებს.
ჯანმოს აფრიკის რეგიონულმა დირექტორმა მოჰამედ ჯანაბიმ კი აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა მიიღება, განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მოხერხდება ეპიდემიის კონტროლს ქვეშ მოქცევა და ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და გადარჩენის შესაძლებლობა.
ჯანმოს მონაცემებით, იტურის რეგიონი ეპიდემიის ეპიცენტრად რჩება და მასზე მოდის დაავადების ყველა შემთხვევის დაახლოებით 85% და გარდაცვალების შემთხვევების 79%.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ებოლას სამკურნალო ცენტრებამდე მისვლამდე იღუპებიან. ჯანმოს ინფორმაციით, ბოლო კვირებში საზოგადოების დონეზე მომხდარ სიკვდილზე რეგისტრირებული გარდაცვალებების დაახლოებით 60% მოდის. ეს მიუთითებს ადრეული დიაგნოსტიკის, პაციენტების დროული გადამისამართებისა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის პრობლემების არსებობაზე.
ამავდროულად, არასტაბილური ვითარება, განმეორებითი კონფლიქტები, მოსახლეობის გადაადგილება, სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმები, მოსახლეობის შიში და რეგიონში გადაადგილების სირთულეები კვლავ აფერხებს დახმარების გაწევას, განსაკუთრებით კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დაადასტურა, რომ ებოლას ეპიდემიის კონტროლში მოქცევა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დაზარალებულ რაიონებში ღონისძიებების გაძლიერებაა საჭირო.
გაეროს ებოლასთან ბრძოლის საკითხებში უფროსმა კოორდინატორმა ჟულიენ ჰარნეისმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების გაზრდისკენ. მისი გაფრთხილებით, ეპიდემიის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების დასაფინანსებლად არსებული რესურსები შესაძლოა უახლოეს კვირებში ამოიწუროს.
ამასთან, ეპიდემიის დაწყებიდან რეაგირების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯანმოს მონაცემებით, ებოლას ვირუსის გამოსაკვლევი ლაბორატორიების რაოდენობა 1-დან 19-მდე გაიზარდა, ხოლო მათი საერთო შესაძლებლობა დღეში 3 000-ზე მეტი ნიმუშის დამუშავებაა.
გაფართოვდა მკურნალობის შესაძლებლობებიც — თავდაპირველად არსებული 10-ზე ნაკლები საავადმყოფო საწოლის ნაცვლად, ამჟამად ხელმისაწვდომია 1 300-ზე მეტი საწოლი.
ამჟამად ასევე მიმდინარეობს პოტენციური სამკურნალო მეთოდების კლინიკური კვლევები და ვაქცინის კანდიდატების შეფასება.
ჯანმო აფრთხილებს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ინფექციის გავრცელების შესანელებლად. დაზარალებულ რაიონებში შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტაც აუცილებელია, რათა სამედიცინო ჯგუფებმა მოსახლეობამდე მისვლა შეძლონ.





