სასკოლო ფორმების ხარისხთან დაკავშირებით ორკესტრირებული კამპანიაა დაწყებული. ამის შესახეგ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 

როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სავალდებულოა. სახელმწიფომ უკვე შეუკვეთა და ჩამოიტანა ფორმების პირველი პარტია, რომელთა რეალიზაცია 1 სექტემბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე მათი შეძენა - გარკვეული კატეგორიებისთვის კი უფასოდ მიღება - პირველკლასელებისთვისაა განსაზღვრული. მომდევნო თვეებში კი ფორმებს 6 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს. ფორმები ეტაპობრივად, ყველა კლასისთვის სავალდებულო გახდება. 


განათლების სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად შეხვდა. მათ შორის საუბარია ფორმების ცუდ ხარისხზე, რაც, სკეპტიკოსების თქმით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გივი მიქანაძე კი ამბობს, რომ ფორმების ხარისხი და ჯანმრთელობისთვის მათი უსაფრთხოება საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს აღიარებული.


 „აგორებულია დეზინფორმაციული კამპანია ფორმების ხარისხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ფორმები შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. ისინი ჯანმრთელობისთვის უვნებელია და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში - იქნება ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია თუ სხვა - მრავალ ქვეყანაში, იმ ნაჭრის უდიდესი მოცულობა, რომელიც სასკოლო ფორმისთვის გამოიყენება, პოლიესტერს წარმოადგენს.ის ბევრად უფრო მდგრადია და ფორმას შენარჩუნებისა და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმების ხარისხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარული  კომპანიის დასკვნა,რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფორმა ჯანმრთელობისთვის უვნებელია და შესაბამისად  ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სპეკულაციური მოწოდება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ეს ვნებს ახალგაზრდებს, ბავშვებს - არის სრული სიცრუე და ეს არის მიზანმიმართული კამპანიის და მშობლების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.