საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ქვეყანაში ეკოლოგიური რისკების შემცირებასაც ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობას უკავშირდება. ამ თემაზე სიუჟეტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. 

სიუჟეტის თანახმად, 2019 წელს ქვეყანაში მილიონ 400 ათასამდე მანქანა იყო, ხოლო 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი უკვე 2 მილიონს აჭარბებდა. ეს რიცხვები კი არა მხოლოდ საგზაო უსაფრთხოებასთან და საცობებთან, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, გაზრდილ რისკებსაც ასახავს. რისკები განსაკუთრებით მაღალია თბილისში, სადაც ავტოპარკის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში ქვეყანაში არაერთი რეფორმა გატარდა, რომლებიც საწვავის ხარისხისა და თავად ავტომობილების ტექნიკური გამართულობის კონტროლის, ასევე ეკოლოგიური ტრანსპორტის წახალისებას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ავტომობილების რაოდენობით გამოწვეულ საფრთხეებს მხოლოდ ეს ზომები სათანადოდ ვერ პასუხობს.

ახალ სტრატეგიაში კი აღნიშნულია, რომ იგეგმება  სატრანსპორტო ნაკადების იმგვარად გადანაწილება და ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ შეცირდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამოკიდებულება და წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედითა თუ ფეხით გადააადგილება. ამან კი, თავის მხრივ,

გზების გადატვირთულობის შემცირება უნდა გამოიწვიოს. სტრატეგია 2030 წლამდე პერიოდზეა გათვლილი.


გარემოს დაცვის სპეციალისტები მაღალი გამავლობის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკებზე საუბრობენ. 

ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ როცა საცხოვრებელი სახლები ტრასების გასწვრივაა, ძალიან ბევრ შემთხვევაში ვერცერთი ბინადარი ქუჩის მხარეს ფანჯრის გაღებას ვერ რისკავს. ამასთან, რისკებთანაა დაკავშირებული ბავშვის ეტლით გადაადგილება საცობებისა და სატრანსპორტო მოძრაობის პიკურ პერიოდებში, რადგან ამ დროს ქვედა ფენაში მავნე ნივთერებები უფრო დიდი რაოდენობით გროვდება.