ნიკოტინის ბალიშები თამბაქოს მსხვილი კომპანიების ბიზნესის ზრდისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ საკითხზე სტატიას Reuters-ი აქვეყნებს და ბაზრის ტენდენციებს აანალიზებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ესაა ორალურად მისაღები პროდუქცია, რომელიც სიგარეტების რეალიზაციის კლების ფონზე, შესაძლოა, თამბაქოს კომპანიების ზრდის მთავარ დრაივერად იქცეს.
განსაკუთრებით აქტიურობენ გიგანტები - Philip Morris International-ი ბრენდით Zyn, და British American Tobacco (BAT), რომლის ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია Velo.
ეს პაკეტები შეიცავს ნიკოტინს, მაგრამ არ შეიცავს თამბაქოს და კვალმს არ წარმოქმნის.
Reuters-ი წერს, რომ ამ პროდუქტების მიმართ კომპანიების დაინტერესების მთავარი მიზეზი სწრაფი ზრდა და მაღალი მომგებიანობაა.
BAT-ის პროგნოზით, ნიკოტინის ბალიშების ანუ იგივე პაკეტების გლობალური ბაზრის შემოსავალი 2025 წლის დაახლოებით 4 მილიარდი ფუნტიდან 2030 წლისთვის 11 მილიარდ ფუნტამდე (დღევანდელი კურსით ეს 15 მილიარდამდე დოლარია) გაიზრდება. ამ დროისთვის კომპანიები დაახლოებით 47 მილიონ მომხმარებელს ელიან.
Philip Morris-ის ინფორმაციით კი, 2024 წელს აშშ-ში Zyn-ის ბიზნესმა ყოველ 1,000 ერთეულზე დაახლოებით რვაჯერ მეტი მთლიანი მოგება გამოიმუშავა, ვიდრე მისმა სიგარეტის ბიზნესმა. შედარებისთვის, კომპანიის IQOS-ის გაცხელებადი თამბაქოს მოწყობილობამ დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი მოგება მოიტანა.
ამიტომ ინვესტორები სულ უფრო ყურადღებით აკვირდებიან Zyn-ისა და მსგავსი პროდუქტების გაყიდვებს.
ნიკოტინის პაკეტებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ: ამ ეტაპზე ბევრ ქვეყანაში ისინი ვეიპებსა და გაცხელებად თამბაქოსთან შედარებით ნაკლებად რეგულირდება.
ბიზნესი პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ ნიკოტინის პაკეტების კულტურა ყველა ქვეყანაში არ არსებობს.
აშშ-სა და სკანდინავიის ქვეყნებში, განსაკუთრებით შვედეთსა და ნორვეგიაში, პერორალური გამოყენების პროდუქტები უკვე კარგად არის დამკვიდრებული. სხვა ქვეყნებში კი მომხმარებლები ნიკოტინის მიღებას უფრო ხშირად მოწევასთან ან ვეიპინგთან აკავშირებენ.
BAT-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში პაკეტების გაყიდვების მოცულობა 27.5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 700 მილიონ ერთეულს მიაღწია. თუმცა ეს ჯერ კიდევ ბევრად ნაკლებია აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე გაყიდულ 3 მილიარდზე მეტ პაკეტთან შედარებით.
BAT-ის აღმასრულებელი დირექტორი Tadeu Marroco მიიჩნევს, რომ პაკეტებს გრძელვადიან პერსპექტივაში სიგარეტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვთ.
აშშ-ის FDA აცხადებს, რომ მწეველებისთვის, რომლებიც სრულად გადადიან ალტერნატიულ პროდუქტებზე, მათ შორის ნიკოტინის პაკეტებზე, ვეიპებსა და გაცხელებად თამბაქოზე, ჯანმრთელობის გარკვეული რისკები შეიძლება შემცირდეს. თუმცა ეს პროდუქტები უსაფრთხო არ არის და ნიკოტინ დამოკიდებულებას იწვევს.
ჯანდაცვის ორგანიზაციები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან ახალგაზრდების მიერ მათი გამოყენების ზრდითა და მარკეტინგის მეთოდებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ნიკოტინის პაკეტების გავრცელებას ხელს უწყობს აგრესიული მარკეტინგი და ნიკოტინის მაღალი შემცველობა. 2026 წლის მაისში WHO-მ აღნიშნა, რომ 160 ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა პაკეტებისთვის სპეციალური რეგულაციები.
ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გაამკაცრა წესები: საფრანგეთმა მათი გაყიდვა აკრძალა, ფინეთმა გარკვეული შეზღუდვები შემოიღო, ხოლო ბრიტანეთი და ევროკავშირი ახალი რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობენ.
ამასთან, სიგარეტი კვლავ რჩება თამბაქოს ინდუსტრიის ძირითად შემოსავლის წყაროდ. მაგალითად, Philip Morris-ში ნიკოტინის ბალიშები მთელს გაყიდულ მოცულობაში ჯერ მხოლოდ 2.6%-ს შეადგენს.
ამიტომ BAT და Philip Morris თავადაც ამბობენ, რომ სიგარეტის წარმოების შემცირება მხოლოდ ერთი პროდუქტის — ნიკოტინის პაკეტების — ხარჯზე ვერ მოხდება. მომხმარებლებს განსხვავებული გემოვნება და ჩვევები აქვთ და კომპანიებს სხვადასხვა ალტერნატივის შეთავაზება დასჭირდებათ.
აღნიშნული პროდუქციის პოპულარობა განგაშის საფუძველს აძლევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ქართველ ექსპერტებსა და ექიმებსაც. პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გამოყენება მოზარდებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, რადგან გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე, ამავდროულად იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გაზრდილ რისკებს. მისი თქმით, თამბაქოს მოხმარებისგან განსხვავებით, ფაქტობრივად შეუძლებელია მშობელმა შეამჩნიოს, მოიხმარს თუ არა მოზარდი ნიკოტინის ე.წ ბალიშებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ მიმდინარეობს არსებული რეგულაციების გადახედვა, რათა ნიკოტინის შემცველი პროდუქტები ახალგაზრდა თაობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს.
მათი განმარტებით, საქართველოში ყველა ის შეზღუდვა, რაც თამბაქოზე მოქმედებს, ვრცელდება ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე. მიუხედავად რეგულაციებისა, ინდუსტრია მაინც ახერხებს მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენებას. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე ამბობს, რომ მსჯელობენ არომატიზატორების გამოყენების აკრძალვაზე, რომელიც პროდუქტის მიმზიდველობისთვის გამოიყენება.
„არომატიზატორები, რომლებსაც იყენებენ ამ პროდუქციის მიმზიდველობისა და პრომოციისთვის, ახალგაზრდებში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არომატიზატორებით გაჯერებული ალტერნატიული პროდუქტები ნაკლებად საზიანოა. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ჩვენს პარტნიორებთან, არამედ ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ზოგიერთმა ქვეყანამ სრულად აკრძალა ალტერნატიული პროდუქტები - ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქო და ა.შ. ჩვენთან მიდის აქტიური მსჯელობა არომატიზატორების გამოყენების აკრძალვის თაობაზე,“ - განაცხადა ხონელიძემ.





