საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება იყო, რომელიც ქვეყანამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად დააგროვა.
შეხვედრაზე მინისტრმა დელეგაციის წევრებს დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამები გააცნო. საუბარი შეეხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთა საკითხებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა - მათ შორის, ქვეყნის ხუთ ქალაქში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროგრამა და სხვა მხარდამჭერი პროექტები.
მინისტრის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი დევნილთა საკუთარ სახლებში, საკუთარ ტერიტორიებზე უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში დაბრუნებაა. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება, რაც დევნილთა საკითხების ეფექტიანად მართვასა და არსებული გამოწვევების დაძლევას უწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თათია გვარამაძე
მინისტრი კორეის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა
რეფერენტული ფასები 7800 მედიკამენტზე მოქმედებს. მცირედით გაზრდილი, განახლებული სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე აიტვირთა.როგორც მაისში მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ფასის ზედა ზღვრის დაწესება ჯამში დაახლოებით 8200 მედიკამენტზე იგეგმება.როგორც ცნობილია, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ ასობით მედიკამენტზე განსაზღვრავს. ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე.რეფერენტული ფასების რეფორმით სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.
“ქოლგა ვერ დაგიცავს” - ამ სიტყვებით შარშან ზაფხულში PSP-მ გვასწავლა, რომ მზისგან დამცავი საჭიროა მაშინაც კი, თუ ქოლგის ქვეშ ვიმყოფებით. მეტი სიცხადისთვის კი კამპანიის მთავარ სახედ შეზლონგის და ქოლგების გამქირავებლები აქცია. მათი ხელითვე დაარიგა 4600 მილი ლიტრი მზისგან დამცავი საჩუქრად. PSP-ს მიზანია, მოსახლეობამდე მიიტანოს მთავარი სათქმელი, რომ “უსაფრთხო რუჯი არ არსებობს”. თუ შარშან ბრენდმა გავრცელებულ მითებს სანაპიროზე გამოუცხადა ბრძოლა, წელს ტერიტორია გააფართოვა და გზავნილს ავრცელებს ყველგან, სადაც მზეა. აღმოჩნდა, რომ “მზეს ვერ დაემალები” და ულტრაიისფერმა მავნე გამოსხივებამ შეიძლება მოგვაგნოს ჩრდილშიც, შენობაშიც, მანქანაშიც, ამიტომ მზისგან დამცავი უნდა წავისვათ ყველგან. ამ მისიით ბრენდმა თავად “მზე” აალაპარაკა, კამპანიის სახე, რომელიც ქუჩებში, პარკებში, სკვერებში დადის და ჩრდილში მყოფ ადამიანებსაც კი არ აძლევს მოსვენებას, შეახსენებს, რომ მას ვერსად დაემალები, თუ მზისგან დამცავი არ გისვია. ამის პარალელურად, PSP დაუპარტნიორდა გალფს და ბენზინგასამართ სადგურებზე პირველი SPF Drive შექმნა, ადგილი, სადაც მძღოლებს საწვავის ჩასხმასთან ერთად, შეუძლიათ მზისგან დამცავით დაიმუშავონ ხელები, განსაკუთრებით მარცხენა ხელი, რომელიც ყველაზე ხშირადაა ე.წ. “მძღოლის რუჯის” მსხვერპლი. “ზაფხული მხიარულების, დასვენების, მზის სეზონია და რატომღაც ძალიან მარტივად ვიჯერებთ მითებს, რომელსაც რეალურად ჩვენი კანისთვის და ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენი მიზანია, ჩვენმა მომხმარებელმა სიმართლეს თვალი გაუსწოროს და იცოდეს, რომ რეალურად “უსაფრთხო რუჯი” არ არსებობს. არადა ეს ფრაზა ხშირად რეკლამებიდანაც კი გვესმის. ვეცადეთ კამპანიისთვის ლაღი და მსუბუქი განწყობა შეგვენარჩუნებინა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გზავნილიც მიგვეტანა საზოგადოებამდე.” - აცხადებს PSP -ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე. კამპანიაზე უკვე ტრადიციულად, PSP-ს პარტნიორმა შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.
იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოში“ აცხადებენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიაღწიეს შეთანხმებას პრეპარატ „ჯივინოსტატის“ საქართველოში შემოტანაზე, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.„იტალფარმაკოს“ განცხადებით, ევროკომისიის მიერ 2025 წლის ივნისში მიღებული დებულების საფუძველზე, „ჯივინოსტატი“ საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება ექვსი წლის და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტში დამოუკიდებლად სიარულის შესაძლებლობა აქვთ შენარჩუნებული, კორტიკოსტეროიდებთან ერთად მიღებისას.კომპანია „იტალფარმაკოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს, საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს ახალი პრეპარატის მიღების საშუალება მიეცეს და აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს ზრუნვას დაავადებების მკურნალობისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.„იტალფარმაკო“ მადლობას უხდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც პაციენტებისთვის პრაქტიკული გამოსავალი მოძებნა და დიუშენის საზოგადოების მხარდაჭერას პარტნიორობის ფარგლებში გააგრძელებს.ამასთან, ფარმაცევტულ კომპანიში განმარტავენ, რომ სამინისტროსთან ერთად განაგრძობს მუშაობას, რათა პრეპარატის დანერგვისთვის მზაობა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მოვლა ქვეყნის მასშტაბით გააუმჯობესოს.როგორც „იტალფარმაკო ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკო დი მარკომ განაცხადა, „ეს მიღწევა ასახავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცე ვალდებულებას, გააუმჯობესოს იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანების მოვლა, ასევე ჯანდაცვის სფეროს დაინტერესებული მხარეების, დიუშენის საზოგადოებისა და „იტალფარმაკოს“ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ამ პროცესში“.როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკომისიის მიერ პრეპარატის აღიარება ეფუძნება მასშტაბურ კლინიკურ კვლევას, რომელშიც მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და არცერთმა მხარემ (არც ექიმებმა, არც პაციენტებმა) არ იცოდა, ვინ იღებდა რეალურ პრეპარატს და ვინ – პლაცებოს (სამკურნალო თვისების არმქონე ნივთიერებას). კვლევაში მონაწილეობდა ექვსი წლის და უფროსი ასაკის 179 ბიჭი, რომლებსაც სიარულის უნარი ჯერ კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული. მათ, სტანდარტულ მკურნალობასთან (კორტიკოსტეროიდებთან) ერთად, დღეში ორჯერ ან „ჯივინოსტატი“ მისცეს, ან პლაცებო.„კვლევამ დაადასტურა, რომ „ჯივინოსტატის“ მიმღებმა ბიჭებმა ოთხსაფეხურიან კიბეზე ასვლის ტესტს პლაცებოს ჯგუფთან შედარებით მნიშვნელოვნად უკეთ გაართვეს თავი. დადებითი შედეგები დაფიქსირდა სხვა მაჩვენებლებზეც – მოძრაობის უნარის შეფასებაზე. კერძოდ, „ჯივინოსტატით“ მკურნალობის შემთხვევაში მოძრაობის უნარის დაქვეითება 40%-ით ნაკლები იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ეს კი მიუთითებს, რომ პრეპარატს, შესაძლოა, დაავადების პროგრესირების შენელება შეეძლოს. კვლევის შედეგები 2024 წლის მარტში სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Neurology-ში გამოქვეყნდა“, – ნათქვამია „იტალფარმაკოს“ განცხადებაში.ცნობისთვის, 1938 წელს მილანში დაარსებული „იტალფარმაკო“ კერძო გლობალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა იმუნოონკოლოგია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და იშვიათი დაავადებები.1tv.ge
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია იტალფარმაკოსთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამინისტრომ პრეპარატი მართული შესვლის შეთანხმების (MEA) მექანიზმით შეიძინა და მისი მოწოდება საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. მედიკამენტი განკუთვნილია გადაადგილების უნარის მქონე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან. ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი მედიკამენტია, რომლის თაობაზეც დასაწყისიდანვე სამინისტრო ყველაზე მეტად იმედიანად იყო განწყობილი, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა. ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია იტალფარმაკოსთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში წარმართა და შეთანხმებას მოკლე ვადაში მიაღწია.სამინისტროს განცხადებით, ის აფასებს კომპანია იტალფარმაკოს ოპერატიულობასა და თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, რამაც შეთანხმების დროულად გაფორმება შესაძლებელი გახადა. „იტალფარმაკოს“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობამ და პრეპარატის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართ გამოჩენილმა მზაობამ დაადასტურა, რომ პაციენტების, სახელმწიფოსა და ინდუსტრიის ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას უწყობს ხელს. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერებაზე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის გაფართოებულია სამედიცინო მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობას, სპეციალისტების კონსულტაციებს, დაავადების მართვისთვის აუცილებელ კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს და სხვა საჭირო სერვისებს.„იტალფარმაკო ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ფრანჩესკო დი მარკოს განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რათა მოძიებულიყო გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში ჯივინოსტატის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა. „განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ ჯივინოსტატი საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს,“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ირაკლი ფურცელაძე აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა
გერმანიაში სიცხის შედეგები მძიმდება — სიცხესთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევებმა 12 500-ს მიაღწია
წონის კლების პრეპარატების პოპულარობის ფონზე, ნაყინის მწარმოებლები პროდუქციის ზომას და შემადგენლობას ცვლიან
ონკოპაციენტების 44.2%-მა სესხი აიღო – კიბოს მკურნალობის უხილავი გვერდითი მოვლენა "ფინანსური ტოქსიკურობაა"
ჯანმო აშშ-ში ვაქცინაციის პოლიტიკის ცვლილების გამო შეშფოთებულია





