ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა იმ მიღწევებს ასახელებს, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 7 წლის განმავლობაში აღინიშნა - პერიოდში, როცა წარმომადგენლობას სილვიუ დომენტე ხელმძღვანელობდა.
დომენტეს საქმიანობა მასთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე შეაჯამეს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმომადგენლობა განსაკუთრებით აღნიშნავს მიღწევებს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის დარგში; WHO-ს მიერ საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის წარმატებით დანერგვას, საყოველთაო ჯანდაცვაში DRG-სისტემის შემოღებას, ესენციურ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებას და ასევე 2025 წელს, მისივე ხელშეწყობით, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი რეფორმის დაწყებას.
„მისი მონდომებით, WHO კიდევ უფრო საიმედო პარტნიორი გახდა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებული პრიორიტეტების გატარებასა და რეფორმების განხორციელებაში უჭერს მხარს.
ბატონი სილვიუს ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისი მხარდაჭერით ქვეყანაში დაარსდა WHO კოლაბორაციული ცენტრი ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის დარგში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში, ციფრული ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემების გაძლიერებაში, ტელემედიცინის გაფართოებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში.
რაც მთავარია, ბატონი სილვიუ გამორჩეული ადამიანია, კეთილგანწყობილი და კოლეგებისა თუ პარტნიორებისადმი მუდამ პატივისცემით განმსჭვალული. იგი მუდმივად ხელს უწყობს ინოვაციებს და ყოველთვის გვახსენებს რომ თითოეული რეფორმისა თუ პროგრამის მიღმა დგანან ადამიანები, რომელთა ცხოვრების გაუმჯობესებაც ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია, - ნათქვამია WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებაში.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხისა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ბატონ სილვიუსთან გამოსამშვიდობებელი საღამო ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში გაიმართა.





