წელს, გრიპის სეზონისთვის ქვეყანაში, გასული წლებისგან განსხვავებით, არა 4-კომპონენტიანი, არამედ 3-კომპონენტიანი ვაქცინა შემოვა. ცვლილების მიზეზი ისაა, რომ გრიპის მეოთხე შტამი, რომელიც პრეპარატში აღარ იქნება გათვალისწინებული, მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 


ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამკომპონენტიანი ვაქცინის შემადგენლობაში შევა ორი A ტიპის ვირუსის საწინაააღმდეგო და ერთი B ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი.  

„შარშან შემოსული იყო 4-კომპონენტიანი ვაქცინა - ორი A და  ორი B ტიპის გრიპის საწინააღმდეგო, თუმცა B ტიპის ვირუსი, რომელიც შესული იყო ამ ვაქცინის შემადგენლობაში, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აღარ იწვევს დაავადებებს და შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ამ სეზონზე სამკომპონენტიანი ვაქცინაა რეკომენდებული,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოც ამ რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს.


როგორც წესი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ყოველწლიურად, სექტემბერში შემოდის, ვაქცინაციის პროცესი კი ოქტომბრიდან იწყება.