ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის 10-წლიანი საქმიანობის პერიოდი მომავალ წელს დასწულდება - ზუსტად ერთ წელიწადში ჯანმოს ახალი დირექტორი ეყოლება და, შესაძლოა, ეს საქართველოსთვის კარგად ცნობილი ჰანს კლუგე იყოს.

ის ამ პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატია. მისი კანდიდატურა ბელგიის მთავრობამ წარადგინა, რის შედეგადაც კლუგე ამ ეტაპზე არჩევნების მესამე ოფიციალური კანდიდატია. კანდიდატობის გამო ის 2026 წლის 21 აგვისტოდან WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას დროებით ტოვებს.
როგორც Healthpolicy წერს, ამ დროისთვის ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტზე სამი ოფიციალური კანდიდატია: ჰანან მოჰამედ ალ-ქუარი, რომელიც კატარის მიერ არის წარდგენილი, ჰანან ბალხი, რომელიც საუდის არაბეთის კანდიდატია, და ჰანს კლუგე, რომელიც ბელგიას წარმოადგენს. თუმცა კანდიდატთა საბოლოო რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ოფიციალური წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 24 სექტემბერია.
არჩევნების პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. კანდიდატთა პირველი ფორუმი დაგეგმილია 2026 წლის 18 ნოემბერს, ხოლო 2027 წლის იანვარ-თებერვალში ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო კანდიდატთა რაოდენობას მაქსიმუმ სამ ფინალისტამდე შეამცირებს. საბოლოო არჩევანი 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 80-ე სესიაზე გაიმართება. ახალი გენერალური დირექტორი თანამდებობას 2027 წლის 16 აგვისტოს დაიკავებს, როდესაც მოქმედი გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის, ვადა დასრულდება.
არჩევნები ტარდება იმ პერიოდში, როდესაც ჯანმო მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციური გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ მომავალი არჩევნები მხოლოდ პერსონალური არჩევანი არ იქნება — ის მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა ჯანმოს არსებული კურსი, თუ ორგანიზაცია უფრო არსებით რეფორმებსა და ახალ სტრატეგიულ მიმართულებას აირჩევს.
ორგანიზაციის გენერალური ინიშნება 5-წლიანი ვადით დირექტორი და დამატებით, მხოლოდ ერთხელ შეიძლება იქნას არჩეული.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი პირველად 2017 წელს აირჩიეს, ხოლო 2022 წელს - მეორე 5-წლიანი ვადით.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის საქმიანობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად კოვიდპანდემია სახელდება. მის პერიოდში შეიქმნა COVAX და სხვა მექანიზმები ვაქცინებზე უფრო თანაბარი წვდომისთვის, გაძლიერდა პანდემიების მონიტორინგი და ადგილობრივი ვაქცინის წარმოების შესაძლებლობები.
ჯანმო ამ პერიოდში უფრო აქტიურ და ინსტიტუციურად გაძლიერებულ ორგანიზაციად აქცია, განსაკუთრებით პანდემიური მზადყოფნის კუთხით, მაგრამ COVID-19-ის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მას ჯერ კიდევ აკლია საკმარისი ფინანსური რესურსი, პოლიტიკური ძალაუფლება და წევრ სახელმწიფოებზე გავლენა, რათა მომავალ გლობალურ კრიზისებზე უფრო სწრაფად და ერთიანად იმოქმედოს.
გებრეიესუსის პერიოდში ჯანმოს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად დარჩა ქრონიკული ფინანსური დეფიციტი და დონორებზე დამოკიდებულება. ორგანიზაციის დაფინანსების დიდი ნაწილი ნებაყოფლობითი და კონკრეტულ პროექტებზე მიბმული იყო, რაც WHO-ს მოქნილობასა და დამოუკიდებლობას ზღუდავდა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ტედროსის ხელმძღვანელობით წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყეს სავალდებულო შენატანების ეტაპობრივი გაზრდა, თუმცა 2025–26 წლების ფინანსურმა კრიზისმა მაინც გამოიწვია ბიუჯეტის შემცირება და თანამშრომლების მნიშვნელოვანი შემცირება.
უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის იანვრიდან აშშ-ი ჯანმოდან გასვლა ოფიციალურად დასრულდა და ამერიკის მთავრობის მიერ ორგანიზაციის დაფინანსება სრულად შეწყდა. აშშ ჯანმოს ყველაზე დიდი დონორი იყო და მისი წილი ორგანიზაციის შემოსავლებში დაახლოებით 18%-ს შეადგენდა. თავად ტედროსმა 2025 წლის მარტში განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებამ WHO-ს ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა და მხოლოდ იმ წლისთვის დაახლოებით 600 მილიონი დოლარის დაფინანსების ხვრელი შექმნა.





