შეიცავს თუ არა რისკებს ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასკოლო ფორმები, რომლებიც, საქართველოს დაკვეთით, ჩინეთში არსებულმა კომპანიამ დაამზადა. პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტად მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ტანსაცმელს, რომელიც ბავშვის კანს უშუალოდ ეხება. პიჯაკი, შარვალი და ქვედაკაბა კი ამ კატეგორიაში არ შედის.
„როცა ვსაუბრობთ ბავშვის ტანსაცმლის შემადგენლობაზე, ყველაზე მაღალი მოთხოვნა და ყველაზე მაღალი სტანდარტი იმ ტანსაცმლის მიმართაა, რომელიც უშუალოდ ბავშვის ტანს ეხება. ეს არის მაისური, პერანგი, თეთრეული და არა პიჯაკი და შარვალი, რომლებსაც კანთან მჭიდრო უშუალო შეხება არ აქვს,“ - განმარტავს ჩხაიძე.
როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სავალდებულოა. სახელმწიფომ უკვე შეუკვეთა და ჩამოიტანა ფორმების პირველი პარტია, რომელთა რეალიზაცია 1 სექტემბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე მათი შეძენა - გარკვეული კატეგორიებისთვის კი უფასოდ მიღება - პირველკლასელებისთვისაა განსაზღვრული. მომდევნო თვეებში კი ფორმებს 6 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს. ფორმები ეტაპობრივად, ყველა კლასისთვის სავალდებულო გახდება.
განათლების სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად შეხვდა. მათ შორის საუბარია ფორმების ცუდ ხარისხზე, რაც, სკეპტიკოსების თქმით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გივი მიქანაძე კი ამბობს, რომ ფორმების ხარისხი და ჯანმრთელობისთვის მათი უსაფრთხოება საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს აღიარებული.





