დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მზით დამწვრობის საფრთხეებსა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, მზეზე ხანგრძლივად, დაუცველი ყოფნა ზრდის ნაადრევი დაბერებისა და პიგმენტური ლაქების რისკებს, ასევე კანის კიბოს განვითარების საფრთხეს, მხედველობის დაზიანების (კატარაქტა) ალბათობას.
მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან: ღია ფერის კანის, თმისა და თვალის მქონე პირები; 6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60+ წლის პირები.
როგორ დავიცვათ თავი?
რეკომენდაციები ასეთია: მოერიდეთ პიკურ საათებს: 10:00-დან 16:00 საათამდე, გამოიყენეთ მზისგან დამცავი: SPF 30+ (წაისვით გასვლამდე 20 წუთით ადრე, განაახლეთ ყოველ 2 საათში), ატარეთ დამცავი სამოსი: ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი სათვალე და ღია ფერის ნატურალური ტანსაცმელი.
დამწვრობის შემთხვევაში: არ გახეთქოთ ბუშტუკები და მოერიდეთ მზეს.
მიმართეთ ექიმს, თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, აღინიშნება მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი.
ცენტრის ინფორმაციით, ნამზეური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანის პიგმენტური უჯრედების
დაზიანების შედეგია.
ინფორმაციაში ვკითხულობთ:
"ხშირი გარუჯვა ზრდის კანის ნაადრევი დაბერების, პიგმენტური ლაქებისა და კანის კიბოს განვითარების რისკს. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შესაძლოა მხედველობის სერიოზული დარღვევებიც გამოიწვიოს, მათ შორის კატარაქტა, რაც სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მზეზე ან სოლარიუმში ჭარბმა დასხივებამ შესაძლოა კანის დამწვრობა გამოიწვიოს. მას შესაძლოა თან ახლდეს კანის სიწითლე და ტკივილი, დაზიანებული უბნის შეშუპება,
სითხის შემცველი ბუშტუკები, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე და გულისრევა.
მზით დამწვრობის შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ ან გახეთქოთ წარმოქმნილი ბუშტუკები და უნდა მოერიდოთ მზეზე განმეორებით გასვლას. სამედიცინო დახმარება აუცილებელია, თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე
ასაკის ბავშვმა, განვითარდა მაღალი ტემპერატურა, გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი ტკივილი."





