სინგაპურს ჯანდაცვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით, გამორჩეული გამოცდილება აქვს და ამ მიმართულებით იყო საუბარი თანამშრომლობის შესახებ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
მისი თქმით, სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განხილულ იქნა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.
„ვასრულებთ ვიზიტს სინგაპურში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე, გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები. დაახლოებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოდან. გვინდა, ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის არის განათლების, ჯანდაცვის სფერო. სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორმების გატარების დროს. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სინგაპურში პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა.
ხაზი გაესვა სინგაპურში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის დიდ პოტენციალს.





